კახა შუშანაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს – “ის ძალიან ავად არის” – ვიდეო

კახა შუშანაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს - "ის ძალიან ავად არის" - ვიდეორა პირობებში იმყოფებიან ქართველი პატიმრები საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში? „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები მარსელის ციხიდან, სადაც არაერთი ქართველი პატიმარი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია.

მათ შორის გახლავთ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი, რომელსაც კიდურებზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, თუმცა, როგორც მისი ფრანგი ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შუშანაშვილს სამედიცინო დახმარება არ უტარდება, მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.

„ის ძალიან ავად არის. ბევრი დაავადება აქვს და არ მკურნალობენ. საფრანგეთში, სადაც ყოველთვის იცავენ ადამიანის უფლებებს, კაშა შუშანაშვილის შემთხვევაში ეს უფლებები არ არსებობს… ის ითვლება საფრანგეთში რიგით მეექვსე ყველაზე კონტროლირებად პატიმარს შორის. ეს რომ გესმის, უკვე ფიქრობ, რომ ძალიან საშიშ ადამიანთან გაქვს საქმე, მაგრამ, როცა შეხვდები და დაელაპარაკები, მიხვდები, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი სილვიო როსსი-არნო.

„კანონიერი ქურდის“ ქართველი ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი კი მიიჩნევს, რომ მარსელის ციხეში მყოფი შუშანაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა საქართველოში ექსტრადირებაზეც, სადაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამჟამად, სასამართლოში არსებითად განიხილება.

კახა შუშანაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს - "ის ძალიან ავად არის" - ვიდეო„შუშანაშვილს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. მსგავსი მოპყრობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებ საქართველოს სახელმწიფოს, დაიცვას მისი მოქალაქის უფლებები და როგორც პაციენტს მიეცეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიღების უფლება“, – ამბობს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

მარსელის ციხეში ქართველების გაუსაძლის პირობებზე საუბრობს მომღერალი კახა აბუაშვილი (კაბუ), რომელიც 2018 წლის აპრილში სპეცოპერაციის შედეგად ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მან საფრანგეთის ციხეში ერთი წელი გაატარა, 2019 წლის აპრილში კი სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს.

„გვიშველეთ რამე“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საფრანგეთში მყოფი ქართველი მომღერალი. კაბუ იმ მძიმე პირობებს აღწერს, რა პირობებშიც იხდიან სასჯელს საქართველოს მოქალაქეები.

„ერთ-ერთი პატიმარი 10 წელია იზოლირებაშია. თვალით არ უნახავს სხვა არავინ. სასეირნოდაც მარტო გაჰყავთ, მარტო ზის. უმძიმესი ოპერაციები აქვს ჩასატარებელი და არ უკეთებენ“, – ყვება „პრაიმტაიმთან“ კახა აბუაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ კახა შუშანაშვილს, ის ფრანგი სამართალდამცველები მას განზრახ მკვლელობის შეკვეთას ედავებიან. საუბარია ასევე ქართველი „კანონიერი ქურდის“ ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობაზე.

ზუგდიდელი ლადო ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ის საფრანგეთში 2010 წელს ჩაცხრილეს. ჯანაშიას ოჯახში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შუშანაშვილმა ლადო ჯანაშიას მკვლელობა მანამდეც სცადა, ბელგიიდან ჩასული ქილერის მეშვეობით.

კახა შუშანაშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას, ფულის გათეთრებას, თაღლითობასა და საბანკო ბარათების გაყალბებას ედავებიან ესპანეთშიც, საქართველოში კი მას ძმასთან, ასევე „კანონიერ ქურდ“ ლაშა შუშანაშვილთან ერთად დაუსწრებლად ასამართლებენ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2006 წლის იანვარში სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში დაიწყო. საგამოძიებო ორგანოს დაზარალებულმა ჯემალ მამნიაშვილმა მიმართა, რომელიც ძმებ შუშანაშვილებს გამოძალვაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საუბარია საბერძნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანზე. შუშანაშვილების ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული ობიექტი მამნიაშვილს არასდროს ეკუთვნოდა და მან ძმები შუშანაშვილების წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებული მასალების საფუძველზე ლაშა შუშანაშვილი 2013 წელს საბერძნეთში გაასამართლეს. 2013 წლის 24 ივლისს სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2015 წლის ივნისში, საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სრულიად განთავისუფლდა პატიმრობიდან.

პრაიმ ტაიმი