ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ.
2017 წელს ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი – გენადი კომახიძე და მეორე თანაშემწე – რომან კაკალაძე პატიმრობიდან 2 დღის წინ გაათავისუფლეს.
ისინი სასჯელს ქალაქ ტაჯურაში დამანის ციხეში იხდიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში მეზღვაურებს საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული დახვდა.
“ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდით გვედგა და ჩვენ გათავისუფლებაზე ზრუნავდა. მთელ საქართველოს ვუსურვებ იყოს ისეთი ბედნიერი, როგორც მე ვარ ახლა,” – განაცხადა გემის კაპიტანმა გენადი კომახიძემ.
“რთული და მძიმე პერიოდი იყო ეს 2 წელი და 4 თვე. როგორც იქნა დასრულდა, დავაღწიეთ თავი და მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ადმინისტრაციას და ყველას, ვინც გვერდში გვედგა,” – აღნიშნა “კურიერთან” მეზღვაურმა რომან კაკალაძემ.
რუსთავი 2


