დავით მუმლაძის მკვლელობისთვის რუსთავში ზურაბ ჯღარკავა დააკავეს – ვიდეო

დავით მუმლაძის მკვლელობისთვის რუსთავში ზურაბ ჯღარკავა დააკავეს - ვიდეოპოლიციამ რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ზურაბ ჯღარკავა დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი – 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჯ.

„სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე, 5 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ზ.ჯ-ს მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა, დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით შსს აქტიურ ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.