“გახარია უნიჭო მოთამაშე აღმოჩნდა, მისი რესურსი ამოწურულია”

“გახარია უნიჭო მოთამაშე აღმოჩნდა, მისი რესურსი ამოწურულია”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე შიდა პროცესებსა და მომავალ პრემიერზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ამბობენ,რომ პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა პრემიერ-მინისტრად დაბრუნება რეალურად დამაზიანებელი იქნება და არა – წარმატების მომტანი. პარტიაში ყოველდღიური საქმიანობა და მთავრობის ხელმძღვანელობა შეუთავსებელია. არც “ქართულ ოცნებას” ულხინს და არც ქვეყანას, რომ ეს ორი საქმე შეათავსოს ივანიშვილმა.
ახლა ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. ამიტომ, მე უფრო მგონია, რომ ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება და არა – პრემიერი. ეს ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა.
როგორც კი წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოცხადდება, ის ალბათ სათავეში ჩაუდგება “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას და, როგორც 2012 წელს, მოუწევს მთელი საქართველოს მოვლა. თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება და რამდენად დამაჯერებელი იქნება მისი კამპანია, როგორც ადრე იყო, ეს ალბათ ძნელი სავარაუდო არ არის. არ მგონია, რომ მისი აქტიური ჩართულობაც კი შედეგის მომტანი იყოს “ოცნებისთვის”, იმდენად დისკრედიტირებულია მოსახლეობაში.
– იმ პირობებშიც, რა მდგომარეობაც არის ოპოზიციურ ფლანგზე? როდესაც არ ჩანს ერთი ძლიერი ლიდერი, “ოცნებას” მაინც გაუჭირდება მოგება?
– რა თქმა უნდა, გაუჭირდება. ოპოზიციური ფლანგი კი არ არის მთავარი, მთავარი არის ხალხი. ყველა არჩევნებში სიტყვას ხალხი ამბობს და არა – ვინმე სხვა. ძველი ოპოზიციაც და ეს ხელისუფლებაც უკვე ხალხს ყელში ამოუვიდა. ახლა ახლის მოლოდინშია ხალხი. ზოგადად ქვეყნის მართვის მოდელი უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებას ამის ძალა და უნარი არ აქვს. შესაბამისად, ახალი ხედვაა საჭირო, რომელიც მხოლოდ ჩვენს გუნდს გააჩნია.
– პარლამენტში ვინც დღეს “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, პოლიტოლოგების შეფასებით, 90% შეიცვლება. ივანიშვილი სულ სხვა სიას დაწერს საარჩევნოდ?
– რა სიაც არ უნდა დაწეროს, ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს! მართალია, ამ ადამიანებმა საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინეს, მათ დაამტკიცეს, რომ ხალხის წარმომადგენლები არ არიან, მათ ასევე დაამტკიცეს, რომ გარკვეული ჯგუფების მსახურები არიან, მაგრამ ვისით უნდა ჩაანაცვლოს ეს ადამიანები ივანიშვილმა?!
წამყვანი ფიგურები არ შეიცვლებიან და პრობლემა სწორედ ამ წამყვან ფიგურებშია. ისინი ისევ თავის ადგილებზე დარჩებიან, რადგან მათ ბევრი ბინძური საქმე აქვთ გაკეთებული და მათი მოშორება ასეთი მარტივი არ იქნება. “ქართული ოცნება” მათ ასე ვერ დაემშვიდობება. მათი მომავალი უნდა უზრუნველყოს.
“ქართული ოცნების” მომავალიც ძალიან ბუნდოვანია და ახალი კადრების მოზიდვაც ძალიან გაუჭირდებათ. ამდენი ხანი ამას ცდილობენ, მაგრამ აბა ერთი ახალი ღირსეული კადრი დაასახელონ! მე რთულად წარმომიდგენია, ახლა საღად მოაზროვნე, თავმოყვარე ადამაინს უნდოდეს ამ ფერხულში ჩაბმა.
– გიორგი გახარიამ შეიძლება დატოვოს პრემიერის პოსტი? თითქოს მას უნდოდა საკუთარი გუნდის ფორმირება, მცდელობებიც ჰქონდა, რომლებიც ფუჭი აღმოჩნდა.
– გიორგი გახარია მარტოა დატოვებული. მას გუნდი არ ჰყავს. ზოგადად გახარია უნიჭო მოთამაშე აღმოჩნდა. გარკვეული პერიოდი მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებს ემსახურებოდა, მან ვერ შეძლო საკუთარი პოზიციების ფორმირება, საკუთარის შექმნა.
ის არ იყო წარმატებული ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. შინაგან საქმეთა მინისტრს ისეთი შეცდომები ჰქონდა, რომლებიც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ქვეყანას, როგორც იმიჯის, ისე სტაბილურობის თვალსაზრისით.
ამის შემდეგ მისი პრემიერად დანიშვნა კატასტროფა იყო. გაპრემიერება მან პირად დამსახურებად ჩათვალა და არა იმ ადამიანების დამსახურებად, ვინც მას მეტ-ნაკლებად ამ ხნის მანძილზე გვერდით ედგა. გახარია გუნდური მოთამაშე არ არის. მისი შს მინისტრობის დროს ბევრი ის ადამიანი, ვინც მისი მსხვერპლი იყო, დღეს მინისტრია. ისინი დამოუკიდებელი მინისტრები არიან და მათ ბიძინა ივანიშვილთან პირადი ურთიერთობები აქვთ.
ამ ფონზე გახარიას როლი და მნიშვნელობა ძალიან შემცირდა. გახარიას მიუღებლობა აქვს ზოგიერთ პირს, რომელიც ივანიშვილთან ბევრად უფრო ახლოს, არის, ვიდრე გახარია. ივანიშვილი ხედავს, რომ ეს პირები მას დღეს უფრო სჭირდება, ვიდრე გახარია.
– ამიტომ უშვებს?
– დიახ. გახარიას რესურსი ამოწურულია. ეს თვითონ ყველაზე კარგად იციან, თუნდაც შიდა კვლევებით.
– თვითონ უნდა წასვლა?
– რომელ ერთს უნდოდა, ბახტაძეს, ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს თუ რომელს?! რა თქმა უნდა, წასვლის დროს განცხადებას ასე გააკეთებს: მივდივარ ჩემი ნებით! ამ ქვეყანაში პრემიერმინისტრობა უსაქმურობასთან და მაღალ ანაზღაურებასთან ასოცირდება და ვის უნდა საკუთარი ნებით წასვლა?!
– ვინ იქნება ახალი პრემიერი?
– ნეიტრალური ფიგურა. მე ვფიქრობ, თალაკვაძე. თალაკვაძესთან გუნდს ნაკლები პრობლემები აქვს.
– მაია ცქიტიშვილს გამორიცხავთ?
– ცქიტიშვილი იმდენად დისკრედიტირებულია, რომ გამოვრიცხავ. ერთ-ერთ სტრატეგიული სამინისტროა ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ეს ქალბატონი ფულის ხარჯვასაც კი ვერ ახერხებს.