გიორგი დვალიშვილი – ”ვახტანგ გომელაურის პოზიცია მისი პრობლემაა”

გიორგი დვალიშვილი - ”ვახტანგ გომელაურის პოზიცია მისი პრობლემაა”როცა მინისტრს ასეთი პოზიცია აქვს, ეს მინისტრის პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არის, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმასთან, ვახო (კიტა) იზორიასთან დაპირისპირებაში მონაწილე ყოფილი პატრულ-ინსპექტორი გიორგი დვალიშვილი მის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას.

დვალიშვილი დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და როგორც განაცხადა, მათ მომხდარის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

“ვიდეო სრულად არის და თავიდან ბოლომდე ყველა კითხვას პასუხს სცემს. პოლიციის მხრიდან არანაირ გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ სამართლიანი სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენს სახელმწიფოში, როგორც ჩანს, კანონი არ კანონობს. როგორც პოლიციელმა ჩემი სიმართლის კანონიერი გზით დამტკიცება მოვინდომე და მივიღე ის, რო დღეს უმუშევარი დავრჩი, მთელი სახელმწიფო აპარატი ჩემს წინააღმდეგ არის“, – განაცხადა დვალიშვილმა.

რაც შეეხება კიტა იზორიას ქმედებას, ყოფილი პოლიციელი განმარტავს, რომ ეს დანაშაული არ იყო, ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გადაცდომა.

ამასთან, მისი თქმით, დიპლომატებს მიაწოდა ყველა ის დოკუმენტი, რითაც მიმართა გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, სასამართლოს, მთავრობას, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს, თუმცა დვალიშვილის თქმით, არცერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართვაზე რეაგირება არ ყოფილა.

ამასთან, როგორც პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა აღნიშნა, დიპლომატებთან შეხვედრაზე მიმავალმა შენიშნა, რომ ფოტოს უღებდნენ, თუმცა ვინ, არ იცის.

“ვიდეო გავასაჯაროვე, რეაგირება მოვთხოვე და უმუშევარი დავრჩი. ეს ვიდეო ყველას ჰქონდა და რატომ არ გაასაჯაროვა აქამდე ვახტანგ გომელაურმა, ლევან იზორიამ და სხვა ხელმძღვანელებმა?“, – განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კიტა იზორიას ქმედება, რომელმაც პატრულ გიორგი დვალიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, მოსაწონი არ არის, მაგრამ არც დანაშაულია, ვინაიდან მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის არ შეუგინებია და მხოლოდ „ფორმის გახდით“ დაემუქრა. „ეს დანაშაული არ არის, უარესები ხდება“, – განაცხადა გომელაურმა.

იპნ