გუდაური ტურისტებისგან დაიცალა – “როგორ შეიძლება უწყლოდ იცხოვროს ადამიანმა”

გუდაური ტურისტებისგან დაიცალა - "როგორ შეიძლება უწყლოდ იცხოვროს ადამიანმა"უკვე 1 კვირაა, რაც “ახალ გუდაურს” წყალი არ აქვს. საუბარია “რედკოს” დასახლებაზე, სადაც 3000-მდე სასტუმროს ნომერი და აპარტამენტია. ობიექტების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ და სასტუმროები, პრაქტიკულად, დაიცალა.

ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომლის, ნინი ბიბილაშვილის ინფორმაციით, წყლის პრობლემის გამო რესტორნები ინვენტარის მოწესრიგებას ვერ ასწრებენ. მისი თქმით, წყალი გრაფიკით, დღეში რამდენჯერმე მოდის, თუმცა რესტორნის გამართულად მუშაობისთვის ეს საკმარისი არ არის.

ერთ-ერთი აპარტამენტის მფლობელი, მიხეილ ხუსეინოვი აცხადებს, რომ გუდაური ტურისტებისგან დაიცალა, რადგან წყლის პრობლების გამო გაუსაძლისი პირობებია.

“საშველი ვერ დაადგა, 31-დან ველოდებით წყალს. გრაფიკით გვაქვს წყალი. ხალხი აღარ არის საერთოდ, ანუ, აღარავინ აღარ ჩამოდის დასასვენებლად. თოვლი არ არის, არ არის, მოვა, მაგრამ წყლის პრობლემა ძალიან დიდად შეგვეხო ყველას აბსოლუტურად. თანხას ყველას უკან ვუბრუნებთ იმის გამო, რომ გაუსაძლისი პირობებია, ვერ იცხოვრებენ. ყველა ბავშვთან ერთად ჩამოდის, ოჯახებით ჩამოდის და ხომ ხვდებით, ვერ ცხოვრობენ, როგორ შეიძლება უწყლოდ იცხოვროს ადამიანმა,” – განაცხადა მიხეილ ხუსეინოვმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, თუ როდის აღუდგება სრულად საკურორტო ზონას წყლის მომარაგება. დღეს გუდაურში ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ელოდებიან.

რუსთავი 2