კალაძე ცენტრალურ უბნების „ხრუშჩოვკებიდან“ ხალხს ვარკეთილში გადასვლას სთავაზობს – ოჯახური ბიზნესის ახალი დეტალები

კალაძე ცენტრალურ უბნების „ხრუშჩოვკებიდან“ ხალხს ვარკეთილში გადასვლას სთავაზობს - ოჯახური ბიზნესის ახალი დეტალებიკიდევ ერთი ექსკლუზივი, ამჯერად თბილისის მერიიდან. ირკვევა, რომ უახლოეს მომავალში, თბილისის მერი წარადგენს ე.წ. „ხროშჩოვკების“ თანამედროვე სახლებით ჩანაცვლების გეგმას, რომლის ფარგლებშიც, გათვალისწინებული იქნება ვაჟა ფშაველასა და სხვა ცენტრალურ უბნებში მდებარე „ხრუშჩოვკებიდან“ მოქალაქეების ვარკეთილში გადაყვანის ინიციატივა.

კერძოდ, გასულ 2019 წელს, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში „შპს ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა. მასვე გადაეცა სიმბოლურ ფასად ვარკეთილში მდებარე 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც, რომელზეც დაახლოებით 75 ათასი კვ.მ-ის ფართი უნდა აშენდეს.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიამ  არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, უძრავი ქონება დასრულებული სახით უნდა ჩააბაროს მუნიციპალიტეტს. მშენებლობა კი დოკუმენტის გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაიწყოს.

ვინ არიან გამარჯვებული კომპანიის მფლობელები?

„შპს ვარკეთილი დიველოფმენთი“ თბილისის, მერის, კახი კალაძის ახლო მეგობრისა და ნათესავის (მეჯვარის), დეპუტატ ილია წულაიას ოჯახური ბიზნესია, არქი ჯგუფთან ერთად…

კერძოდ: როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, შპს „ვარკეთილი დიველოფმენთი“ 2019 წლის 12 მარტს დარეგისტრირდა (ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვა დაახლოებით ამავე პერიოდში გამოცხადდა).

კომპანიის დირექტორი დიმიტრი ადამიაა, რომელიც პარალელურად, კომპანიის 50%-ანი წილის მფლობელია.

მეორე 50%-ს კი თენგიზ წულაია ფლობს. ადამიაც და წულაიაც შპს არქის ჯგუფის მეწილეები არიან.

მეტიც: თენგიზ წულაია ასევე „არქი პრომოუშენის“ დირექტორია, „არქი ენერჯიში“ კი, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ილია წულაია 30%-იანი წილს ფლობს, წილის მმართველი და დირექტორი.

თენგიზ წულაია წილის მმართველი და ხელმძღვანელია „არქი საბურთალოშიც“. აღნიშნულ შპს-ში წილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, კახი კალაძის მეჯვარე, ილია წულაიაც ფლობს.

ცენტრალური უბნებიდან ვარკეთილში – კალაძის ახალი ინიციატივა

შესაბამისად, ვარკეთილში მდებარე იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიამ კალაძის მეგობარსა და ნათესავს სიმბოლურ ფასად გადასცა, დიდი მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრებ ადამიანებს შეასახლებენ.

თბილისის მერიის ინიციატივით, მათ შორის გადასახლებას დაექვემდებარებიან, ვაჟა ფშაველასა და დიღმის მასივში მდებარე „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები ოჯახებიც.

„ჩვენ იმ ოჯახების დაკმაყოფილებას შევძლებთ, ვინც წლების განმავლობაში, ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ინფორმაცია  მერიის ვებგვერდზე იქნება  განთავსებული .

თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგიძლიათ  ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს მიმართოთ“, – აცხადებდა თბილისის მერი გასულ წელს.

კალაძის გეგმით, ვაჟასა და დიღომში მდებარე „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრებ მოქალაქეებს, ვარკეთილში მოუწევთ გადასახლება მხოლოდ იმიტომ რომ ერთი მხრივ, წულაიების ბიზნესი გააძლიერონ, მეორე მხრივ კი, ბევრად ძვირადღირებული ადგილები გამოათავისუფლონ, სადაც უკვე, ახალი მშენებლობები დაიწყება.

თუმცა, რამდენად დათანხმდებიან ისინი ფუფუნების მოყვარული მერის ამ თითქმის ბოლშევიკურ ინიციატივას და რა შეიძლება მოჰყვეს კალაძის მეგობრულ-ნათესაური ბიზნესის სრულიად ღია ლობირებას, მომავალი გვიჩვენებს.

პრესა.ჯი