პაატა იმნაძე – “ვინც იყო უხანში და აქვს გრიპის ნიშნები, მიმართოს ექიმს!”

პაატა იმნაძე - “ვინც იყო უხანში და აქვს გრიპის ნიშნები, მიმართოს ექიმს!”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
კორონავირუსის შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს პაატა იმნაძე პასუხობს.
– ბატონო პაატა, ახალი ვირუსი ვრცელდება ჩინეთიდან და ის კორონავირუსის სახელითაა ცნობილი. საკმაოდ აღელვებულია ჩვენი საზოგადოება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციებს გასცემს, რა ინფორმაციას მიაწვდით ჩვენს საზოგადოებას?
– ჯერჯერობით არავითარ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ არის ჩინეთთან არც მოგზაურობაზე, არც ვაჭრობაზე, ერთადერთი თვითონ ჩინეთის ხელისუფლება იღებს ძალიან სწრაფ და ეფექტურ ზომებს კარანტინისა. პრაქტიკულად იმ დიდი ქალაქიდან, უხანიდან შეწყდა სხვა ქვეყნებში და ასევე ჩინეთის სხვა ქალაქებში მოქალაქეების გამგზავრება. ასევე ჩინეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქალაქიდან არ მოხდეს ინფექციის გავრცელება სხვა ქალაქებში. დღეს რაც არის აღწერილი შემთხვევები, როგორც ჩინეთის სხვა ქალაქებში, ასევე რამდენიმე ქვეყანაში, სადაც პირდაპირი რეისები იყო უხანიდან, ყველა შემთხვევა უშუალოდ დაკავშირებულია სწორედ ამ ქალაქთან და იქ დაინფიცირებასთან.
– ჯერ არ იციან ექიმებმა, ამ ვირუსს როგორ უმკურნალონ. ამის შესახებ რას იტყვით?
– უმრავლესობა ვირუსებისა, მსგავსი სიმპტომებით ვითარდება, არის მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი ა ტიპის ვირუსებისა და არსებობს ანტივირუსული საშუალება, არის კიდევ 2-3 ვირუსი გამონაკლისი, დანარჩენი ყველა ვირუსი ერთნაირად იკურნება და არაფერი უკურნებელი ამ ვირუსს არ ჭირს. ჯერჯერობით, რაც არის მონაცემები, მაღალი ლეტალობით, საბედნიეროდ, არ ხასიათდება ეს დაავადება.
– 20 ერთეულით გაიზარდა ამ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ბატონო პაატა.
– გაიზარდა, მაგრამ რამდენიდან?! დანარჩენი ხომ გამოჯანმრთელდა?!
– ანუ არ გვაქვს შეშფოთების საფუძველი?
– ამ ეტაპზე მე შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ. ისე კი, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– რა რეკომენდაციებს გასცემდით საზოგადოებისთვის?
– თუ ვინმე იყო ბოლო ორი კვირის მანძილზე უხანში და აქვს გრიპის მაგვარი დაავადების სიმპტომები, უნდა მიმართოს ექიმს და უნდა უთხრას, რომ იყო უხანში.
– ჩინეთის სხვა ქალაქებზე შეზღუდვა არ არის?
– ჩინეთის სხვა ქალაქებზე არანაირი შეზღუდვა არ არის.
– ჩვენთან გავრცელებულ ვირუსებზე რას იტყვით? დეკემბერში სერიოზული მატება იყო, წავიდა კლებისკენ?
– მოდით, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით სტაბილურია, კლებას ვერ დავარქმევთ. ოდნავ მოიკლო, მაგრამ ეს არ ითვლება მნიშვნელოვან კლებად. ჯერჯერობით სტაბილურია მაჩვენებლები. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით დაბალია, ვიდრე დეკემბრის ბოლო კვირაში იყო. დაველოდოთ სიტუაციის განვითარებას, უკვე ნელ-ნელა უნდა წავიდეს კლებისკენ.
– ახლა ყველაზე მეტად რა ვირუსი დომინირებს?
– ისევ ბ ტიპის ვირუსი დომინირებს ქვეყანაში. იშვიათად ძალიან, მაგრამ გვხვდება ა ტიპის ვირუსებიც და სხვა სახის გაციების ვირუსები.