რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა, გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო – ვიდეო

რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა, გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო - ვიდეოთითქმის 16 საათია, რაც საჩხერის სასტუმროში საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინშია. ხელისუფლება ჩინეთდან ჩამოსული ქართველების კარანტინის პერიოდს მოუმზადებელი შეხვდა.

სასტუმროში სადაც მოქალაქეები იმყოფებიან, არ იყო გათბობა, თერმომეტრები და სხვა, პირველადი საჭიროების ნივთები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთიდან ევაკუირებული ქართველები საჩხერეში ნაჩქარევად გადაიყვანეს და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ინფორმაციამ მედიაში გაჟონა.
“სასტუმროში სიცივეა. რამდენიმე ადამიანი გამოვედით და ვუთხარით, რომ აქ სათანადო პირობები არ არის. აქ იყო საშიშროება, რომ გავციებულიყავით და უბრალო გაციება გადაგვქცეოდა სანერვიულოდ” – აცხადებს მამაკაცი, რომელიც კარანტინში იმყოფება.

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ხელისუფლებამ კომპანია “მაი ვეის” სთხოვა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, რეისი გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში ჯანდაცვის მინისტრი განმარტავდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ეკიპაჟის წევრები, რომ ვირუსი თავიდან აეცილებინათ.

ყველაზე მნიშვნელოვანი წერილის მეექვსე პუნქტია, სადაც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მგზავრებს თვითიზოლაციისა და თვითდაკვირვების მითითებებს მისცემდნენ. მას შემდეგ, რაც მგზავრების ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ხელისუფლებამ მათი საჩხერეში გადაყვანა გადაწყვიტა.
“არ მეგონა, რომ კარანტინში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ გვითხრეს, რომ თუ არ აღმოგაჩნდებათ სიცხე და ყველაფერი კარგად იქნება, არ გახდება კარანტინი საჭირო. ზოგს სახლიც კი ჰქონდა ნაქირავები, რომ იქ ყოფილიყო და მათ ოჯახის წევრებს საფრთხე არ დამუქრებოდათ,” – აცხადებს მამაკაცი, რომელიც საჩხერის სასტუმროში კარანტინის პერიოდს გადის.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/629143397847236/