რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია, მამის, ამერიკაში მოღვაწე რეჟისორ ნუგზარ შარიას უდიდეს წარმატებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„რამდენადაც „ჟურნალისტებს“ პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავმჯდომარედ ფარული კენჭის ყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!!! ნოემბერში, ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავმჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი, ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ მამაჩემო!!!“ – წერს შარია.
შეგახსენებთ, რომ 1970 წელს ნუგზარ შარია ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო ‘„თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე ‘„ამერიკის ხმაში“ და იმავდროულად, ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.
ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია ”კავკასიის ხალხების გაერთიანების” საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს. „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“- ფილმებში, რომლებშიც მან ითამაშა, თავისი ნიშანი დატოვა. ყველა მისი გმირი, პრინციპული ხასიათით გამოირჩევა.
პრაიმ ტაიმი