”მე დავბრუნდები” – ზურაბიშვილის საიტზე სააკაშვილის ფოტო რუსეთის გრუ-ს ჰაკერებმა განათავსეს – საგარეო უწყება რუსეთს ჰაკერულ შეტევაში დებს ბრალს

”მე დავბრუნდები” - ზურაბიშვილის საიტზე სააკაშვილის ფოტო რუსეთის გრუ-ს ჰაკერებმა განათავსეს - საგარეო უწყება რუსეთს ჰაკერულ შეტევაში დებს ბრალს2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კონსტანტინიდიმ განმარტა, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას და ასევე კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

28 ოქტომბრის კიბერშეტევის შედეგად president.gov.ge-ზე არც ერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო და ჩანდა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (“მე დავბრუნდები“).

გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილის იგივე ფოტო ჩანდა.