ასე იწყებოდა “ვარდების რევოლუცია” აჭარაში – რაზე თქვა უარი ასლან აბაშიძემ?

ასე იწყებოდა "ვარდების რევოლუცია" აჭარაში - რაზე თქვა უარი ასლან აბაშიძემ?2003 წლის ვარდების რევოლუციიდან 5 თვეში აჭარის ლიდერი, ასლან აბაშიძე, ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა. მან არ მიიღო ახალი ხელისუფლების არც ერთი მშვიდობიანი შეთავაზება და შესაბამისად, აჭარაში, 6 მაისს მისი მრავალწლიანი მმართველობა დასრულდა.

აჭარის რევოლუციის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი, საკუთარ მოგონებეში წერს:

„მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ პირდაპირ აჭარაში ჩავიდა და ბათუმში ასლან აბაშიძემ მას, როგორს ქვეყნის მთავარსარდალს სამხედრო აღლუმი მოუწყო. სააკაშვილი დემონსტრირებას ახდენდა, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი იყო. ცხადი იყო, რომ მიშა აბაშიძის თავნებობას არ დაუშვებდა. მით უფრო, რომ აბაშიძე ცენტრალურ ხელისუფლებას აღიზიანებდა, აჭარა შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნების თავშესაფარი გახდა. ასე შეაფარა ბათუმს თავი რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა აკაკი ჩხაიძემ, რომელზეც გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და პასუხიგების თავიდან ასაცილებლად მან აჭარას მიაშურა, სადაც თავს დაუსჯელად გრძნობდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ მის დასაპატიმრებლად ვერტმფრენით სპეცრაზმი გადასხა და ოპერაცია წარმატებით ჩაატარა.

ხელისუფლებას ბუნებრივია, აშფოთებდა სარფის საბაჟოც, რომელსაც ის ვერ აკონტროლებდა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენდა.

ბათუმში ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე, გელათის მონასტერში დადო და მის უპირველეს მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამოაცხადა. მან მითებში გადაინაცვლა. ასლანს სააკაშვილის ამ მიმართულებით სწრაფვა თრგუნავდა, ისევე როგორც თრგუნავდა თავად სააკაშვილიც: ასლანი სიმაღლით, მგონი 155 სანტიმეტრია, მიშა კიდევ – 2 მეტროზე მეტი.

გარდა, პოლიტიკური ოპონირებისა, აბაშიძე და სააკაშვილი ერთმანეთს პიროვნულადაც ემტერებოდნენ. რამდენიმე წლით ადრე თბილისში, მიშა საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ვაკის რაიონში იყრიდა და არჩევნების წინ თბილისში ვიდეოკასეტები გავრცელდა, სადაც მიშა აბანოში ბანაობის დროს ვიღაც მეგობარ ქალს ესაუბრებოდა და თან ანანიზმით იყო დაკავებული. ამ კასეტას მიშას მეტოქე არჩევნების დროს მის წინააღმდეგ კომპრომატად იყენებდა. ეს ვიდეომასალა აჭარაში, დაბა ჩაქვის სასტუმროში ფარულად გადაიღეს და სააკაშვილი ამის გამო აბაშიძეს ადანაშაულებდა. ამდენად, მიშას ასლანის მიმართ შურისძიებაც ამოძრავებდა.

სააკაშვილი ასლანზე ზეწოლას აძლიერებდა. იქ ჯერ რესპუბლიკური პარტია გააქტიურდა, რომელთა ლიდერებს ასლანთან დიდი ხნის დაპირისპირება ჰქონდა. მერე ვანო მერაბიშვილმა და გივი თარგამაძემ ასლანის გარემოცვის წევრების და მაღალი თანამდებობის პირების მოსყიდვა და გადმობირება დაიწყეს, რის გამოც დაძაბულობა პიკს აღწევდა.

მე ამ დროს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების პროექტებზე ვმუშაობდი და ამ პროცესებში არ ვმონაწილეობდი. ჩემთვის შემაშფოთებელი გახლდათ ის, რომ ასლანს გარემოცვაში ვიღაც რუსი გენერალი ნეტკაჩოვი ჰყავდა, რომელიც იქ რაღაც სპეცრაზმებს აყალიბებდა და ვშიშობდი, რომ დაპირისპირება სისხლისღვრაში არ გადაზრდილიყო.

სიტუაციის განსამუხტად, ასლანთან მორიგეობით ჩავიდნენ ზურაბ ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ამ ვიზიტებმა შედეგი ვერ მოგვცა.
ამის შემდეგ, სააკაშვილს ვუთხარი, რომ მე ჩავიდოდი ასლანთან მოსალაპარაკებლად. ჩემთვის ამის გაკეთება უფრო იოლი იყო, ვინაიდან მე სახელმწიფო თანამდებობა არ მქონდა, რაც ლავირების მეტ საშუალებას მაძლევდა, თანამდებობრივი პასუხიმგებლობისგან თავისუფალი ვიყავი და შემეძლო თამამად მესაუბრა. მთავარი იყო, გამეგო რა სურდა ხელისუფლებას ასლანისგან, რომ მისთვის სათქმელი ზუსტად ჩამომეყალიბებინა.

ხელისუფლებას სურდა, რომ ასლანი გადამდგარიყო და ამის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებდა. მისი ოჯახი შეინარჩუნებდა იმ ბიზნესებს, რომელიც მანამდე გააჩნდათ. ასევე, თუ ქვეყნის დატოვებას მოისურვებდა მას უსაფრთხოების კორიდორს გაუკეთებდნენ. მისი გადადგომის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პოსტს მისი ვაჟი _ გიორგი ჩაიბარებდა.

ასლანს, რომელსაც განდიდების მანია სჭირდა და ფიქრობდა, რომ დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებდა, ვერავინ უბედავდა პირდაპირ თქმას, რომ ერთადერთი გამოსავალი მისი თანამდებობიდან წასვლა იყო. ეს მისია ჩემს თავზე ავიღე და გადავწყვიტე ბათუმში ნიკა რურუა წამეყვანა. ეს იმიტომ, რომ გიორგი აბაშიძე მის ძმასთან მეგობრობდა.

გიორგი აბაშიძე ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა. ის ძვირადღირებული მანქანებით მოძრაობდა, ერთობოდა, თავს აწონებდა ქალებს, მაგრამ ამას პროვინციულ ბათუმში ნაკლები ფასი ჰქონდა. ამიტომ, მისი გართობის ძირითადი ადგილი თბილისი იყო. ეს ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის ასეა, გასართობად ბათუმი და ზღვა მხოლოდ ზაფხულშია კარგი. მართალია, გიორგი აბაშიძეს ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ასლანის შვილობით ევროპული ახალგაზრდობის “ტუსოვკის” წევრი ვერ გახდებოდა, მას ამის გაქანება არ ჰქონდა. სად ეამაყება ქართველს რომ კარგად ჩანდეს? შარდენზე, ვაკეში, ბარნოვზე, აი აქ დადიოდა გიორგიც და აქაურ ახალგაზრდებთან ინტეგრირებული იყო. მამამისისგან განსხვავებით, რომელიც დედაქალაქში საერთოდ არ ჩამოდიოდა, გიორგის

თბილისური კავშირები, გვაძლევდა საშუალებას, რომ ის თანამდებობრივადაც ასლანის მემკვიდრედ განგვეხილა.

რურუამ წინასწარ დაურეკა გიორგი აბაშიძეს და გადასცა, რომ მამამისთან მოსალაპარაკებლად ჩავდიოდით და ამ შეხვედრის ორგანიზება გაეკეთებინა.ბათუმში ჩემი მანქანით წავედით. ყოველთვის დამთრგუნველად მოქმედებდა მდინარე ჩოლოქზე ავტონომიის საზღვრის გადაკვეთა. ასლანს იქ პოლიციელთა გაძლიერებული რეჟიმი ჰქონდა დაწესებული. თუმცა, ამ ჯერზე ძალიან თავაზიანად დამხვდნენ, უკვე ძალიან ცნობილი ადამიანი ვიყავი და დიდი ფაცი-ფუცით ბათუმამდე ესკორტით ჩაგვაცილეს.

ბათუმში კორტებთან მდებარე სასტუმროსთან გიორგი აბაშიძე გველოდებოდა. ეს ტერიტორია საგანგებოდ დაცული ჰქონდათ, ყველა ხის უკან შეიარაღებული პირი იდგა და ერთი კილომეტრის რადიუსში ასლანის და მისი გარემოცვის გარდა, არავის არ ჰქონდა გავლის უფლება.
გიორგი აბაშიძეს პირველად შევხვდი. ძალიან გამხდარი, ფერმკრთალი, დაღლილი თვალებით იყურებოდა და წყნარად საუბრობდა. მისი მონსტრობის თაობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. თუმცა პირად ურთიერთობაში უსიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.

როგორც ამბობდნენ, მაშინ აქტიური ნარკომანი იყო. გიორგის ავუხსენი, რომ მდგომარეობის ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს გავლენის გაძლიერება მათი ოჯახის ინტერესების შეულახავად, რომ მოხდეს გვაქვს წინადადება, რომ ასლანის ადგილი შენ დაიკავო, ვინაიდან ის ჯიუტი კაცია, ბოლომდე გაფუჭებული აქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთირთობა და მასთან მორიგება ძალიან არარეალურად ჩანს-მეთქი.

გიორგიმ წყნარად მომისმინა. მას არც შეკითხვები დაუსვამს და არც წყენა გამოუხატავს. რა თქმა უნდა, მამაჩემს შეგახვედრებთო და ამბის გადასაცემად ასლანთან წავიდა.
ახლა ველოდებოდი, რომ ასლანი თავისი ცნობილი რიტუალიდან გამომდინარე, მთელ დღეს აქ დაგვაყუდებდა, მაგრამ გიორგიმ სწრაფადვე დაგვირეკა, ასლანი ნახევარ საათში მიგიღებთო და მისი რეზიდენციისკენ წავედით.
ასლანს მისაღებში თბილისიდან გაქცეული ფირმა “ომეგას” პრეზიდენტი ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე, ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ელოდებოდნენ.

ჩვენ ასლანის მისაღებ კაბინეტში შევედით, შემდეგ მეორე ოთახიდან შემოვიდა ასლანი და ხელის ჩამორთმევის დროს ზრდილობიანი, ღიმილიანი სახით ვეკითხები – როგორ ბრძანდებით, ბატონო ასლან? – როგორ ვიქნები შენს ხელში,” _ მპასუხობს ის და მე ვიცინი, ჩავთვალე რომ მეხუმრება.

ჩემს სიცილზე ასლანს სახე მოეღუშა: შენი მოაწყვე ეს რევოლუცია, შენ დაღუპე ეს ქვეყანა, ხო ხედავ რა დღეში ვართ და რა არის აქ სასაცილო? – შემომწყრა ასლანი.

-ბატონო ასლან, მთლად ასე არ არის ყველაფერი და ახლა იმიტომ ჩამოვედი, რომ თუ თქვენს თავს რაიმე ცუდი ხდება, ეს პრობლემაც იქნებ როგორმე მოვაწესრიგოთ, – ვეუბნები მას. – გისმენ, – მპასუხობს ის.

– ბატონო ასლან, მე ბევრი ვიცი თქვენი ოჯახის ისტორიის შესახებ და მე ხშირად მომისმენია თქვენგან, რომ ხართ მრავალსაუკუნოვანი, უცნობილესი ქართული გვარის წარმომადგენელი და თქვენმა გვარმა და თქვენმა ოჯახმა ბევრი იღვაწა, რომ აჭარა საქართველოს ფარგლებში დარჩენილიყო და ამაში თქვენს წინაპარს მემედ აბაშიძე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ამიტომ მე ვთვლი, რომ იგივე თქვენი გვარის ისტორიიდან გამომდინარე, თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ საქართველოს იტორიაში ახლა ცუდი როლი ითამაშოთ, მე მაქვს თქვენთან წინადადება, რომელსაც თუ დათანხმდებით, ვფიქრობ მთელ ქვეყანას გამოადგება.

– რას გულისხმობ, იქნებ პირდაპირ მითხრა, – მოუთმენლად მკითხა ასლანმა.

– ბატონო ასლან, საქართველოს პატრიოტი ხართ და თქვენი გვარის ასე ვთქვათ, კარგი ტრადიციის გამგრძელებელი, ამიტომ ახლა უნდა გაითვალისწინოთ, რომ შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძლიერი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მოვლენებზე ადექვატურად რეაგირებს. ამიტომ სიტუაციის განსამუხტად, საჭიროა, რომ ამ ხელისუფლებას კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში დაემორჩილო, მაგრამ ვთვლი, რომ თქვენ ეს არ შეგიძლიათ და იქნებ რამე ფორმით სხვა გამოსავალი მოვძებნოთ, არც თქვენი ოჯახის ინტერესი რომ შეილახოს და საქმეც გამოვიდეს.

– რას გულისხმობ, – იკითხა ასლანმა.

მე ვუთხარი, რომ ახლა ის დროა, რომ ასე ვთქვათ ჩემოდნები ჩაალაგოთ და ხელისუფლება დათმოთ, ჩვენ ხელშეუხებლობის გარანტიას მოგცემთ და ვფიქრობთ, რომ თქვენს ადგილზე თქვენი შვილი გიორგი დარჩეს-მეთქი.
ამ საუბრისას ვატყობ ასლანს ფერი ეცვლება. ეს კაცი უცბად ლურჯდება, მერე წითლდება, მწვანდება და უცბად გაცოფებული წამოხტა სკამიდან და ყვირილი დაიწყო – ჩემს კაბინეტში რას მიბედავთ, რას მეუბნებით, რომ მე პოსტიდან და ქვეყნიდან წავიდეო?

-ჰო, გეუბნებით, რომ პოსტიდან უნდა წახვიდე, – მშვიდად ვეუბნები ასლანს.

– ამ თემაზე კი არა, საერთოდ აღარ მინდა თქვენთან საუბარი, – იყვირა ასლანმა და ოთახიდან გავარდა. ჩვენც წამოსასვლელად წამოვდექით. ნიკა რურუა და გიორგი აბაშიძე გაფითრდნენ. ასლანის კაბინეტის ტრაგიკული ისტორიები ხომ ყველასთვის ნაცნობია. სულაც არ იყო გამორიცხული ნოდარ იმნაძის ისტორია განმეორებულიყო. მე და რურუა ჩამოვდივართ კიბებებზე და ეს თვალებს აცეცებს საიდან შეიძლება გვესროლონ. მთელ შენობაში ასლანს შეიარაღებული “ამბალები” ეყენა. ეზოში ჩამოვედით და მანქანით უკან გამოვემგზავრეთ. გიორგი აბაშიძე გზაში დაგვეწია და მამამისის საქციელის გამო, ბოდიში მოგვიხადა და ზრდილობიანად დაგვემშვიდობა.
2004 წლის 5 მაისს ასლანი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა“, – წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებეში.

2020ნიუსი.გე