ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ საქართველოში ზიარების წესი შეცვალა

ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ საქართველოში ზიარების წესი შეცვალაკორონავირუსის გავრცელების გამო, ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ საქართველოში ზიარების წესი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ადასტურებს.

ეპისკოპოსი არ გამორიცხავს, რომ პრევენციის მიზნით, ლოცვების სიხშირეც შეამცირონ.

„ჩვენი ეკლესიის ტრადიცია ასეთია: ღვთისმსახურება ტარდება არა მხოლოდ კვირას, დილის მსახურებაზე, არამედ საღამოსაც.

ფორმა ასეთია: მრევლი საერთო თასით სვამს ღვინოს. საერთო ფეშხუმიდან იღებენ დამტვრეულ პურს. შექმნილი ვითარების გამო გადავწყვიტეთ, ზიარების ფორმა ისე შეგვეცვალა, რომ ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო.

ამ ვითარებაში საერთო თასიდან დალევა და საერთო თასში პურის ჩაწობა ვიფიქრეთ, რომ გაუფრთხილებლობა იქნებოდა. ასე რომ, ფორმა, რომელიც ამჯერად გვაქვს ასეთია: ერთ ღვთისმსახურს უჭირავს ფიალა ღვინით, მეორეს ფეშხუმი, რომელზეც დამტვრეული პურია. ღვთისმსახური იღებს პურს, ჩააწობს ღვინოში და პურის მშრალი მხარით მიაწვდის მზიარებელს. ამითი პურთან და ღვინოსთან შემხებელი ადამიანის ოდენობა შემცირდა. ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ეს ზომა შეესაბამება არსებულ მდგომარეობას, თუკი უფრო გართულდება და იმედს ვიტოვებთ და ვლოცულობთ, რომ არ გართულეს, ეს ფორმა ასე დარჩება. თუ უფრო გართულდება, ისე ვიმოქმედებთ, როგორც საჭირო იქნება. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ სიხშირით ზიარება აღარ ჩატარდეს. ადამიანების უსაფრთოხების გამო.

მიგვაჩნია, რომ ზიარების ფორმის ცვლილება არანაირად არ ცვლის მის შინაარსს და მნიშვნელობას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზიარების ფორმები მიუხედავად იმისა, რომელ ტრადიციაშია ეს, მართლმადიდებლურ, კათოლიკურ თუ პროტესტანტულში, ყველა ის ფორმა არის ტრადიციების, ისტორიულ ცვლილებებში გამოვლენილი ფორმები. ისინი ნამდვილად არ არის იდენტური იმისა, რაც საღმრთო წერილში გვაქვს. საღვთო წერილით ზიარება არ აღწერს, როგორ ხდებოდა ეს. რასაც აღწერს ბევრი ვარიაციის, ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ასე რომ, ფორმის ცვლილების არ ეშინია ჩვენს ეკლესიას, რადგან ერთგულები ვართ ზიარების შინაარსის და მისი მნიშვნელობისა“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, ზიარების წესთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ნაწილი ამბობს, რომ საერთო კოვზით ზიარება საფრთხეს უქმნის მორწმუნეებს და ეს წესი ერთჯერადი კოვზებით უნდა შეიცვალოს. საპატრიარქოს პოზიცია კი უცვლელია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აპირებს  ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკა დროებით შეცვალოს.

“პრაიმტაიმი”