ლევან დავითაშვილი – “ჩემს მოადგილეს იური ნოზაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”

ლევან დავითაშვილი - "ჩემს მოადგილეს იური ნოზაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა"სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მის მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსთან დაკავშირებით ანალიზი ჩაუტარდა, თუმცა მას ინფექცია არ დაუდგინდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტროში პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, სამინისტრომ გაატარა სადეზინფექციო სამუშაოები, ყველა ის ღონისძიება, რომელიც რეკომენდაციებით იყო განსაზღვრული. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითონ ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისა და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ასევე ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის არ დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკი სამინიტროში კორონავირუსის გავრცელების, ამ წყაროთი არ არსებობს,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო მივლინებები გააუქმა.

“მე სატელეფონო კონტაქტი მაქვს ბატონ იურისთან რეგულარულად. ის თვითიზოლაციაში იმყოფება პარასკევიდან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანალიზის პასუხები უარყოფითია – მას არ აქვს კორონავირუსი, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს რისკს და გადამდები არ არის თანამშრომლებისთვის. ჩვენ მივყვებით რეკომენდაციებს, რომელიც არის თვითიზოლაცია 2 -3 კვირის განმავლობაში”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

იპნ