ლევან რატიანი – “3 ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

„რაც შეეხება სამ ახალშობილს, სამივესთან მოვიდა უარყოფითი ტესტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არცერთი მათგანი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მკურნალობა მიდის სტანდარტის მიხედვით,“ – აღნიშნა რატიანმა.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მისი თქმით, 14 დღის გასვლის შემდეგ მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გაეწერებიან საავადმყოფოდან. ამასთან, რატიანის ინფორმაციით, 14 ინფიცირებული პაციენტიდან 2 ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება.

მისი განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენთან მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი. ამ 14 პაციენტიდან 2 მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს.

დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინფექციონისტებისა და რეანიმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია როგორც კლინიკური, ისე პარაკლინიკური კვლევებით. ამიტომ ველოდებით, რომ 14 დღე გავიდეს, რათა ავიღოთ განმეორებითი ნაცხები. თუ ბიოლოგიურ ნაცხში ორჯერ არ აღმოჩნდება, უახლოეს დღეებში ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ თვითიზოლაციაში.

დანარჩენ პაციენტებთან ყველასთან დასტურდება პნევმონიის სურათი. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ყოფილა,“ – განაცხადა რატიანმა.