ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 20 პაციენტი იმყოფება.
“ამ ეტაპზე, ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. ამ 20-ის 4 წყარო გვაქვს, ერთი წყარო არის ირანის ისტორია და არის 2 პაციენტი, მეორე წყარო არის იტალია და გვყავდა ერთი პაციენტი და შემოემატა მასთან ერთად მოგზაურობაში მყოფი 5 პაციენტი, გახდა ამ წყაროდან 6. შემდეგი წყარო არის იტალიის კიდევ ერთი ქალაქი და ჩვენთან შემოსული 6 პაციენტი, 2 ოჯახი და ამ 6 პაციენტთან კონტაქტში მყოფი კიდევ 5 ადამიანი. ანუ 11 ადამიანი არის ერთი წყარო. მეოთხე წყარო არის ესპანეთიდან,”- განაცხადა ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, სტაბილურად მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა და არის პნევმონიის 4 დადასტურებული შემთხვევა:
“ჯერჯერობით ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ უარესდება. გვაქვს 4 დადასტურებული პნევმონია, ამათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენის მსუბუქი, სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და ტემპერატურით გამოხატული,” – აღნიშნა ეზუგბაიამ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების დამძიმება, ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დაავადების გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება:
“ეს არაა დამოკიდებული მხოლოდ მკურნალობაზე. ეს დამოკიდებულია თვითონ ინფექციაზე და იმუნურ სისტემაზე,” – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ინფექციური საავადმყოფოში განთავსებული 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.
“ბავშვის მდგომარეობა არის მსუბუქი,” – განაცხადა ეზუგბაიამ და იმედი გამოთქვა, რომ როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მოზარდთან დაკავშირებით დაავადება, აქაც მსუბუქი ფორმით წარიმართება და მისი გამოჯანმრთელება ადვილად მოხდება.
ეზუგბაიას თქმით, პაციენტთა ნაწილს უკვე დაავადების ვადა უსრულდებათ და უახლოეს მომავალში უნდა ჩატარდეს კვლევები გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით. ეზუგბაიამ იმედი გამოთქვა, რომ ტესტი უარყოფითი იქნება და გამოჯანმრთელებული პაციენტები კლინიკას დატოვებენ.
რუსთავი 2

