აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ეს პირი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და მას ოჯახის წევრებთან ან სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია.
როგორც მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პირთან ერთად ჩამოსული მგზავრებიც კარანტინში იმყოფებიან.
„კორონავირუსის ინფექციის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 მოქალაქე იყო შეყვანილი. ყველა მათგანს ჩაუტარდა ტესტი და აქედან დღეს შეყვანილ 4 პაციენტსაც. ყველა ამ შემთხვევაში გარდა ამ 1 დადასტურებული შემთხვევისა, 31 შემთხვევა უარყოფითია.
ამ 1 შემთხვევას რაც შეეხება, გუშინ შემოიყვანეს პაციენტი. ტესტი გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და მივიღეთ დადებითი პასუხი. ეს იყო იმპორტირებული შემთხვევა ევროპის მაღალი დასენიანებული რეგიონიდან. ამ პირთან ერთად თვითმფრინავში მყოფი პირები, ასევე ტრანსპორტში მყოფი პირებიც, რითაც ეს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები.
რაც შეეხება აღნიშნულ პირს, მას სხვა არცერთ პირთან, არც ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია. ის აგრძელებს მკურნალობას ბათუმის ინფექციურ სავადმყოფოში, შეიძლება ითქვას, მინიმალური სიმპტომატიკით და ვირუსის მსუბუქი ფორმით“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოში 12 მარტს, ქუთაისის აეროპორტიდან შემოვიდა.
იპნ

