მესტიაში წვეულებებში 214 ათასი ლარია დახარჯული, ყოველი მეორე კი სოცდაუცველია – “ფლანგვის დეტექტორი”

მესტიაში წვეულებებში 214 ათასი ლარია დახარჯული, ყოველი მეორე კი სოცდაუცველია - "ფლანგვის დეტექტორი"2017-19 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტმა წვეულებებში 214 ათასი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ხდება იმ პირობებში, როცა მესტიის ყოველი მეორე მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველია.

„2017-19 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტმა წვეულებებში 214 ათასი ლარი დახარჯა, მაშინ როცა, მესტიაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 4 ათას 644 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, აქედან  1 ათას 312 ბავშვია, ხოლო  226 – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

2018 წელს თითქმის თანაბარი თანხა წავიდა სოცდახმარებაზე და წარმომადგენლობით ხარჯებზე, რაც მიღებებს, წვეულებებს და ექსკურსიებს გულისხმობს. 2017-2019 წლებში მესტიის მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობით ხარჯებზე 213 ათას 759 ლარი დახარჯა, აქედან 2017 წელს 91 ათასი დაიხარჯა, 2018 წელს – 37 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს 85 ათას 759 ლარი დაიხარჯა“,- წერია „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა მოხმარდა „სვანეთობის“ დღესასწაულს, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებისა და სხვა სტუმრების სასტუმრო მომსახურებასა და კვებას. მუნიციპალიტეტში ამავე თანხით შეიძინეს საჩუქრები და სუვენირები სტუმრებისთვის.

„გარდა იმისა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის სახით არ არის წარმოდგენილი ამ პერიოდში სტუმრების რაოდენობა, შესყიდვების ობიექტის დასახელება და რაოდენობა, საერთოდ უცნობია იმ სტუმრების ვინაობა, რომლებზეც მუნიციპალიტეტმა 5 ათას 500 ლარი დახარჯა. მათთვის მუნიციპალიტეტმა 2,900 ლარის საჩუქრები შეიძინა. არც მათი რაოდენობა და სახეობაა დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით, მაგრამ მიმწოდებელს თანხა სრულად აუნაზღაურდა.

2018 წლის მონაცემებით მესტიის მუნიციპალიტეტში 4,644 ადამიანი (მოსახლეობის თითქმის ნახევარი) საარსებო შემწეობას იღებდა. აქედან 1,312 ბავშვია(0-18), ხოლო 226 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, ბავშვებსა და შშმ პირების სოციალურ დაცვაზე 35,450 ლარი იყო გამოყოფილი, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც 2018 წელს წარმომადგენლობით ხარჯებზე დაიხარჯა.

იმ პირობებში, როდესაც მესტიის მუნიციპალიტეტში თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია და აქედან ყოველი მესამე ბავშვი ან შშმ პირია, 37,000 ლარის გადახდა სასტუმრო მომსახურებასა და საჩუქრებზე შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, რესურსების და ბიუჯეტის არაეკონომიური ხარჯვაა“, – აცხადებენ „ფლანგვის დეტექტორში“.