სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს ადვოკატები დაუდევრობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მოსამართლე, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ იტალიაში, ქალაქ მილანში იმყოფებოდა, ახლა მაღალი ტემპერატურით სახლშია, მაგრამ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მის კორონავირუსით ინფიცირებას გამორიცხავდა.
ადვოკატები, რომლებიც “2020NEWS“-ს დაუკავშირდნენ, ასევე ამტკიცებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სასამართლო პროცესებს ატარებდა და ადამიანები, ვინც მასთან შემხებლობაში იყვნენ, შესაძლოა, რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, შორენა წიქარიძის მოსამართლეობით ჩანიშნული პროცესები, მისი არყოფნის გამო გადაიდო.
სააგენტოსთან საუბარში ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ საეჭვოა საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ იტალიიდან და სასამართლოს თანამშრომლებში ამის გამო,, სერიოზული პანიკაა”.
ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციების გადამოწმებას “2020NEWS” როგორც თბილისის საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში შეეცადა.
როგორც სააგენტოს სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელმა განუცხადა, წიქარიძეს კორონავირუსით ინფიცირება არ უდასტურდება. მათივე ინფორმაციით, მოსამართლე დაახლოებით, ერთი თვის წინ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან. თუმცა, რადგან ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მას კორონავირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევები არ ჩაუტარებია.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ წიქარაძის მოსამართლეობით რამდენიმე სასამართლო პროცესი გადაიდო. თუმცა, მას კორონავირუსი არ უფიქსირდება და საქმიანობას განაგრძობს. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს, მისი წარმომადგენლის ინფორმაციით, სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაც უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე საზღვრის კვეთა უფიქსირდებოდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.
„კონკრეტულად, კანცელარიის თანამშრომელი იყო თუ რომელიმე სხვა განყოფილების თანამშრომელი, ამას დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას უწყება ზედმიწევნით ასრულებს. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს ჰქონდა საზღვრის კვეთა, როგორც დაავადებათა კონტროლის სამსახურის, ისე სასამართლოს მხრიდან მიეცა რეკომენდაცია და ვალდებულება, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. არის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც ბოლო 2-3 კვირის მანძილზე საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და ამ რეკომენდაციის საფუძველზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
“2020NEWS” ინფექციურ საავადმყოფოს დაუკავშირდა. ინფექციური საავადმყოფოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბერიძის თქმით, საავადმყოფოს პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს.
„კონკრეტული პირის ვინაობას ვერ და არ დავასახელებ. ვერ გეტყვით კონკრეტული პიროვნება არის თუ არ არის ჩვენს კლინიკაში, თუკი მისი თანხმობა არ იქნება, რომ ის გასაჯაროვდეს. ეს ეხება ნებისმიერ შემთხვევას. უფლება არ მაქვს პაციენტის ვინაობა გავცე. ჩვენთან პროფესიით არ შემოდიან პაციენტები. თუ აქვთ რაიმე ჩივილი ან რაიმე სიმპტომი, რა თქმა უნდა, ჩვენი დაკვირვების ზონაში იმყოფებიან. მათ ჯერ სისხლის საერთო რენდგენოგრაფია უტარდებათ. პარალელურად, ლუგარის ცენტრში იგზავნება ანალიზისთვის საჭირო მასალები და პასუხების მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ზოგი პაციენტი გადადის შიდა იზოლაციაში და ზოგი კარანტინში“, – განაცხადა გიორგი ბერიძემ.
“2020NEWS” მოსამართლე შორენა წიქარიძეს ვერ დაუკავშირდა.

