საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა – 44 წლის მამაკაცი იტალიიდან კვირას დაბრუნდა

საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა - 44 წლის მამაკაცი იტალიიდან კვირას დაბრუნდაკორონავირუსი საქართველოს მე-4 მოქალაქეს დაუდგინდა.

44 წლის მამაკაცი ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.

„გუშინ, გვიან, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა. ისიც თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე. შემდგომ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტემპერატურის გამო, მან თავად მიმართა ინფექციურ სავადმყოფოს, გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია “, – განაცხადა გამყრელიძემ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ პაციენტის მდგომარეობა  შედარებით უფრო მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

„განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით – 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა. გუშიდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ტემპერატურა გუშინ მერყეობდა 38.5-სა 39.5 შორის“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი 44 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი გუშინ მიმართა.

იპნ