დიანა ბაგრატიონი: “სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ”

დიანა ბაგრატიონი: "სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ"ფონდი “დიანა ბაგრატიონი” 2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, რომელიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებში.

არაკომერციული საქველმოქმედო ფონდის მიზანი იმ ბავშვებისა და მოხუცების დახმარებაა, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები აქვთ. ფონდი მათ მკურნალობისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას უწევს, ორგანიზებას უკეთებს კონცერტებს და შემოსული თანხით ეწევა ქველმოქმედებას.

– სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ, – ამბობს ფონდის დამაარსებელი დიანა ბაგრატიონი. მას არასდროს უყვარს საკუთარ თავზე საუბარი და ამიტომაც დიალოგი ყოველთვის ამ სიტყვებით იწყება: “სხვებმა უნდა ილაპარაკონ”. მისი საყვარელი საქმიანობა ქველმოქმედება და ადამიანების დახმარებაა, ამიტომაც მისი ასეთი დამოკიდებულებაც მისაღები და გასაგებია.

დიანა ბაგრატიონი ქალაქ ნიუ იორკის მერიის თანამშრომელია კულტურის დარგში. მან ნიუ იორკში დააარსა “საქართველოს დღეები”.

– საქართველოს მხარესთან დადებულია მემორანდუმი და, იმედი გვაქვს, სექტემბერში ჩაფიქრებულ გრანდიოზულ დღეებს კვლავაც ჩავატარებთ, – ამბობს დიანა ბაგრატიონი.

ქართველი ქველმოქმედისა და მისი მეუღლის ვალერი კორტის ორგანიზებით, რომელიც მუსიკალური პროდიუსერია, ნიუ იორკში ბარბარა სტრეიზანდის, ლარა ფაბიანისა და პოლ მაკარტნის კონცერტები გაიმართა.

ამჟამად კი დიანა ბაგრატიონი ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრშია:

– ყოველ მე-3 დღეს ვალანტიორად ვმუშაობ მერიაში 24-საათიანი მორიგეობით, როგორც ამერიკის მოქალაქე. ამავე დროს, ვცდილობ, დავეხმარო ინფორმაციით, როგორც შიდა მუშაკი, ჩვენს ქართულ თემს, ასევე ფინანსურად შეძლებისდაგვარად – ამერიკისა და არა მარტო ამერიკის ქართველ ემიგრანტებს. სადაზღვევოებს მძიმე გასაჭირი აქვთ, მყავს ექიმები, რომლებიც უანგაროდ უწევენ დახმარებას ყველას ტელეფონით 24 საათი. პანიკა საშინელებაა ადამიანისთვის, ძალიან დაბლა ეწევა იმუნიტეტი და ვერ ებრძვის ორგანიზმი ამ საშინელ ავადმყოფობას, ამიტომ მთავრობებმა 24-საათიანი ცხელი ხაზები შექმნეს მოსახლეობის დასამშვიდებლად და სხვა საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად. მეც ასეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა. აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებთან, ნიკოლოზ ჩხეიძესთან და ინა ასანიძესთან ერთად ვეხმარები ჩვენს ემიგრანტებს, ვუგვარებ პრობლემებს მერიაში მსოფლიოს ყველა ემიგრანტს, ცხელ ხაზზე ვპასუხობთ ყველა შეკითხვაზე.

დიანა ბაგრატიონი ფინანსურად ეხმარება არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დარჩენილ ქართველებს და სრულიად უცნობ ადამიანებს:

– მეკითხებიან, საიდან? გპასუხობთ – საკუთარი დანაზოგიდან. პანდემიის დროს ყველა ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში, ვისაც არ აქვს და აქვს, ვეხმარებით. არც ერთი ქართველი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. ვეხმარები ამერიკის მოქალაქეებსაც. 24-საათიან რეჟიმში მე და ჩემს გუნდს არ გვძინავს. ახლა ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. სხვათა შორის, თქვენი კოლეგა ლელა ნინუა თავის ოჯახთან ერთად გვერდში გვიდგას. მე ყველაფერს ვერ მოვასწრებ, ამიტომ მათი დახმარებით პროდუქტები შევიძინეთ და დავურიგეთ მოქალაქეებს. ამ დღეებშიც აქტიურობა გაათმაგდება. ეს ქართველების ღირსებაა. არასოდეს დავდგეთ ჩრდილში და არ შევუშინდეთ პრობლემებს. იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და მსოფლიო გაიმარჯვებს.