ივანიშვილის მორიგი სამიზნე გახარიაა – მალე კახა საბანაძეს მოხსნიან?

ივანიშვილის მორიგი სამიზნე გახარიაა - მალე კახა საბანაძეს მოხსნიან?“ნიუპოსტს” წყარო სამთავრობო კულუარებიდან უყვება, რომ “გასაგდებად” გამზადებულ გიორგი გახარიას ახალმა კორონავირუსმა სულზე მოუსწრო და მისი მართვის სადავებიდან ჩამოშორება გადაიდო. “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი ყვება, რომ პრემიერის გაზრდილი რეიტინგის ფონზე ოლიგარქი საშინლად ეჭვიანობს.

ბიძინა ივანიშვილის დავალებით, შს მინისტრმა უწყებაში გახარიას კადრების წმენდა აქტიურად დაიწყო. ვახტანგ გომელაურისა და გახარიას დაპირისპირება პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა შს მინისტრის პოსტზე ახლადდანიშნულმა გომელაურმა გიორგი გახარიას მიერ გაგდებული კადრი, უმძიმეს დანაშაულებში მხილებული (საუბარია ადამიანის ცემაზე, მოწმეების გაუპატიურების მცდელობასა და პოლიტიკური ლიდერების დევნაზე) თეიმურაზ კალანდაძე უწყებაში დააბრუნა და დემონსტრაციულად დააწინაურა.

“ნიუპოსტს” მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შს მინისტრი უწყებიდან გიორგი გახარიას მარჯვენა ხელს, შს მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძეს ათავისუფლებს.

წყაროს ცნიბით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაფორმდება.

აღსანიშნავია, ისიც რომ რამდენიმე დღის წინ, თანამდებობა ონის მერს, კახა საბანაძის მამას, ემზარ საბანაძესაც დაატოვებინეს.

“ნიუპოსტის” წყაროს ინფორმაციით, კახა საბანაძის გათავისუფლების მიზეზად გომელაური ბოლო დროის სკანდალს ასახელებს, რომელშიც შსს-ს მაღალჩინოსანი გაეხვა და რომელიც საქართველში წარმოებული პირბადების შესაძლო კორუფციულ სქემას უკავშირდება.

ოპოზიციის მტკიცებით, კომპანიის უკან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ (ეკონომიკის სამინისტრომ) დოლბანდის პირბადეების შეკერვა შეუკვეთა, შინაგან საქმეთა და სუს-ის უფროსის მოადგილეები დგანან.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ “ემ ჯი ემტექსის” დამფუძნებლებს სუს-ის უფროსის მოადგილესთან ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და მის ძმასთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, ასევე კახა საბანაძესთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.

“ნიუპოსტი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში კახა საბანაძესთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

პოსტი დაატოვებინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსს. ამ დროისათვის უცნობია, რა მიზეზით გათავისუფლდა სამსახურიდან შოთა ხაჟომია. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე იყო.

დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსი მერაბ წურწუმიაც. დეტალები უცნობია. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ წურწუმია გასულ წელს დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი 1990 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ნიუპოსტი