კორონავირუსი – მსოფლიო უჩინარი მტრის წინააღმდეგ

კორონავირუსი - მსოფლიო უჩინარი მტრის წინააღმდეგკოტიკო გოგინაშვილი

კაცობრიობა ოდითგანვე ცდილობდა უამრავი დაბრკოლების გადალახვას.

მე-20 საუკუნის დასაწყისში და 40-იან წლებში ჩვენ გამოვიარეთ 2 მსოფლიო ომი, რომლებმაც ათეულობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

შუა საუკუნეებში ინფექციური დაავადებებით უამრავი ადამიანი დაიღუპა, ზუსტად 100 წლის წინ კი ესპანურმა გრიპმა მილიონობით ადამიანი მოკლა.

21-ე საუკუნეში გაჩნდა ვირუსი, რომელმაც დედამიწა შეაჩერა და დააზარალა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა.

მსოფლიო და კორონავირუსი

2019 წლის მიწურულს ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა,რასაც დიდი ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ მალე  ჩინეთში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ამ უცნობი ვირუსისგან და, რაც ყველაზე უსიამოვნოა, დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა. ამის მიუხედავად, იმ დროს კაცობრიობას წარმოდგენა არ ჰქონდა, რამხელა ძალას ფლობდა ეს ახალი და იდუმალი ვირუსი.

აქამდე ადამიანებმა ბევრი საზარელი დაავადება დაამარცხეს, შეიძლება ამის გამოც მათ არ დააფასეს კორონავირუსი, რის გამოც იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა,

ახალბედა ვირუსი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი განვითარებული დასავლეთისთვის. კორონავირუსი კარგად დამკვიდრდა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კონტინენტის სამხრეთ ნაწილში.

ამას ბევრი მიზეზი აქვს. ევროპის სამხრეთის ქვეყნები არ გამოირჩევიან დისციპლინით და ორგანიზებულობით, ასევე ტურისტებისთვის ევროპის სამხრეთი არის იდეალური ადგილი.

კორონავირუსმა მთელი ძალით შეუტია აპენინის ნახევარკუნძულს, შემდეგ კი პირინეიზეც გადაინაცვლა. ჯერ იტალიაში, შემდეგ კი ესპანეთშიც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დღეისთვის იტალია გარდაცვლილთა რაოდენობით ლიდერობს, ინფიცირებულთა რაოდენობით კი ყველას აშშ უსწრებს.

კორონავირუსი შეეხო რამდენიმე ცნობილ ადამიანს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტი ბორის ჯონსონი დაინფიცირებულია კორონავირუსით, ესპანეთის პრინცესა მარია ტერეზა საერთოდაც შეეწირა ახალ ვირუსს,

სტრესული მდგომარეობის მიუხედავად, ხალხი არ პანიკიორობს და ცდილობს, იუმორის დახმარებით დაძაბულობა გაანეიტრალოს. ყირგიზეთში ქორწილი ონლაინ სისტემით გადაიხადეს, სერბეთში კი დააკავეს ხედ გადაცმული ადამიანი, რომელმაც კარანტინის წესები დაარღვია.

ბევრი დისკუსია მიდის კორონავირუსის ასეთ სწრაფ და საეჭვო გავრცელებაზე. არის ასეთი თეზისი, რომ კორონავირუსი რომელიღაც მეცნიერმა გამოიგონა, რათა დედამიწაზე არ იყოს დემოგრაფიული პრობლემები ან შეიძლება ვირუსი შემთხვევით გავრცელდა და ამის უკან არ დგას რაიმე პოლიტიკური მიზანი.

მომზადებული საქართველო

26 თებერვალს კორონავირუსი საქართველოსაც ესტუმრა, ქართველები ყოველთვის დიდ პატივს სცემენ სტუმრებს, მაგრამ კორონავირუსის მიმართ ჩვენ არ გამოვიჩინეთ სტუმართმოყვარეობა.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2 პიროვნება.

ქართველ ექიმებს და ქართული მედიცინის სამ მუშკეტერს (თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყერილიძე, პაატა იმნაძე) ამდენი რომ არ ეშრომათ, ასეთი კარგი და იმედიანი სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში არ იქნებოდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საქართველოს მთავრობამ საზღვრები ჩაკეტა და აკრძალა უცხოეთთან ურთიერთობები. სრულდება მხოლოდ სპეციალური ავიარეისები უცხოეთიდან ქართველების ჩამოსაყვანად, რომლებიც მაშინვე 14 დღიან კარანტინში ხვდებიან.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ შემოიღო კომენდანტის საათი, რომლის მიხედვითაც, საღამოს 9 საათიდა, დილის 6 საათამდე მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ.

საქართველოში დაიკეტა ყველა ხალხმრავალი ადგილი (რესტორნები, კაფეები ღამის კლუბები), მაღაზიებშიკი  სპეციალური ქცევის წესები შემოიღეს. ხალხი იცავს დისტანციას, მარკეტებში არ შეიძლება შესული იყოს სამზე მეტი ადამიანი.

აღარ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტრო. ტაქსიში მგზავრი მძღოლის უკან უნდა იჯდეს.  ყველა ეკლესიაში შუადღის 4 საათიდან, საღამოს 8 საათამდე ჩატარდება წირვა-ლოცვა. არ არის ცნობილი, თუ როგორ ჩატარდება აღდგომა.

სოციალურ ქსელში ხალხი აქტიურად მსჯელობს ახალ გლობალურ პრობლემაზე. საზოგადოების რაღაც ნაწილი შეშინებულია და თვლის, რომ კორონავირუსი დიდხანს დატანჯავს კაცობრიობას. მეორე ნაწილი იმედიანად არის განწყობილი და პრობლემის სწრაფად მოგვარებას ელოდება.

ჩემი აზრით, პანიკით და უაზრო ღლიცინით კორონავირუსის შეჩერება ძალიან რთული იქნება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები და მათი ყველა წესის სწორად შესრულების შემთხვევაში დაინფიცირებულთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში მოიკლებს.

სპორტული სამყაროს მოულოდნელი არდადეგები

სპორტის მოყვარულები ახლა თავს ძალიან მოწყენილად გრძნობენ, რადგან არ იციან, თუ რითი გაერთონ.

ფეხბურთის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი შეჩერდა. ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. კორონავირუსმა გადადო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თამაში საქართველოს ნაკრებისთვის. დღემდე გაუგებარია,  როდის უმასპინძლებს ვლადიმერ ვაისის გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელორუსიის ნაკრებს. ასევე ყველას ძალიან აინტერესებს, გულშემატკივრები თუ შეძლებენ მატჩზე დასწრებას.

კორონავირუსმა ცნობილი სპორტსმენებიც შეაწუხა. ევროპის ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა.

მილანის ლეგენდა პაოლო მალდინი და მისი შვილი დანიელიც დაზარალდნენ. პეპ გვარდიოლას დედა კი 82 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

უეფამ არ იცის ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღი. ალექსანდ ჩეფერინმა (უეფას პრეზიდენტი) ერთ ინტერვიუში თქვა, რომ 3 აგვისტომდე თუ ევროთასები (ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა) არ განახლდება, მაშინ წლევანდელი ტურნირის შედეგები ანულირდება.

სპორტული ტურნირების განახლების შანსი დიდია, უბრალოდ, არ არის ცნობილი დრო და ჩატარების სქემა.

შესაძლებელია, ევროპის წამყვანი ჩემპიონატების დარჩენილი შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს, რაც ფეხბურთს თავის ხიბლს დაუკარგავს.

შეცვალა თუ არა კორონავირუსმა საზოგადოება?

ჰიგიენა არის ხანგრძლივი ცხოვრების წინაპირობა. კორონავირუსის გამოჩენამდე ხალხი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.

როდესაც გადაივლის ეს პანდემია, ხალხს ჩვევაში ექნება ხელების დაბანვა. ახალმა ვირუსმა ოჯახის წევრები უფრო დააახლოვა, ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, რაც ძალიან კარგია.

მთელი დღე სახლში ყოფნით უამრავი რამის გაკეთება შეგიძლია. მაგალითად, წიგნის კითხვა ან ფილმების ყურება.

ყველას ერთი სული აქვს ჩვეული ცხოვრების რეჟიმის დაბრუნების, მეგობრების ხილვის, მაგრამ, სანამ პანდემია არ შეჩერდება, ჩვენ საკუთარ თავს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა ექიმების სამუშაო ცოტათი შევამსუბუქოთ.