14 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საშუალო სიმძიმის არის. ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში 25 პაციენტისთვის ჩატარებული ტესტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.
„კლინიკაში ამჟამად იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ ჩატარდა 25 კვლევა. 25-დან ერთი არის დადებით პასუხი, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში.
ეს ერთი პაციენტი გადავა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი გადანაწილდება პროფილური კლინიკების მიხედვით. 25 პაციენტს შორის, რომლებზეც კვლევა ჩატარდა, არიან ჩვენი თანამშრომლებიც, რომლებიც, მოგეხსენებათ, 14-დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხი მოვიდა“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.
როგორც ბექაიამ განმარტა მოზარდის, ოჯახის წევრს გუშინ დაუდასტურდათ კორონავირუსი.
„ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით. დღეს გადავა ოჯახის მესამე წევრი, 14 წლის ბავშვი. მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 46 მოქალაქე, ხოლო გარდაცვლილია სამი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.

