მამა გიორგი პაპავას, მის დას და დისშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდათ

მამა გიორგი პაპავას, მის დას და დისშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდათბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა კოვიდ-19. როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნება.

„დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი, შემოიყვანეს გუშინ. ოჯახის სულ 3 წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლიდან გადაეცა, არ ვიცით. ვინ არის წყარო არ ვიცით. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც გუშინ შემოიყვანეს“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის. ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ საუბარში ეკლესიის დარაჯმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესიში სულ 6 სასულიერო პირი მსახურობს. დარაჯის განმარტებით, პირადად მან დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოლოს 1 კვირის წინ, ხარების დღესასწაულზე ნახა. თუმცა, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავა მსახურებას ბზობის დღესასწაულზეც ესწრებოდა.

თავის მხრივ სასულიერო პირის დაინფიცირებაზე კომენტარს აკეთებს საპატრიარქო. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, დაინფიცირებული მოძღვარი ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მსახურებას კი სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.