მარინა ეზუგბაია – “ინფიცირებული 9 თვის ჩვილი თავს ყველაზე კარგად გრძნობს”

მარინა ეზუგბაია - "ინფიცირებული 9 თვის ჩვილი თავს ყველაზე კარგად გრძნობს"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ რჩება ორი მძიმე პაციენტი, თუმცა დაავადების პროგრესირება ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა.

კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.

„ორი მძიმე პაციენტი გვყავს, პრობლემური, კრიტიკულ სიტუაციას რომ უახლოვდება. სტაბილურია მათი მდგომარეობა, გუშინდელს შემდეგ პროგრესირება არ არის არც ერთთან. მძიმე პნევმონიებიც საკმაო რაოდენობით არის. იცით, რომ არსებულ პაციენტებში დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი მაინც კოვიდთან ასოცირებული პნევმონიებია, მაგრამ მათი მართვაც, საბედნიეროდ, მიდის კარგად, არსებული მკურნალობის ფონზე პროგრესირება ნაკლებად შეიმჩნევა, ვნახოთ, სიტუაციები როგორ დამთავრდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კლინიკაში ამჟამად სულ ექვსი არასრულწლოვანი იმყოფება, მათ შორის ერთი მცირე ასაკისაა.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ექვსი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი ყველაზე პატარაა, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ნიუპოსტი