რუსთავის საკრებულოს დეპუტატს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ – ქვეყანაში სულ 134 ინფიცირებულია

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ - ქვეყანაში სულ 134 ინფიცირებულიარუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც.

ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.​

ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.

134 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.