საქართველოში კოვიდ 19-ით მე-5 პაციენტი გარდაიცვალა, 68 წლის მამაკაცი ბოლნისის კლასტერიდან

საქართველოში კოვიდ 19-ით მე-5 პაციენტი გარდაიცვალა, 68 წლის მამაკაცი ბოლნისის კლასტერიდანსაქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისი ინფიორმაცია stopcov.ge-ს მონაცემებში აისახა.

კოვიდ-19-ით გარდაცვლილი მე-5 პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, კლინიკაში 68 წლის პაციენტი 2 კვირის განმავლობაში იყო მოთავსებული და  ვირუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა – მას გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი.

მისივე თქმით, მამაკაცის დაინფიცირების წყარო ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

“ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 68 წლის, ბოლნისის კლასტერიდან, მამაკაცი, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო კარგა ხანია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობდა, აქედან 7 აპარატულ სუნთქვაზეა, სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა.

პაციენტს აღენიშნებოდა გულის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებში გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი განვითარდა სეპტიური შოკით და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ეს გართულება ახასიათებს ძირითადად ამ ვირუსს,” – ამბობს ლალი ტურძელაძე.