The Insider, Belingcat და Der Spiegel: ვინ არის „ელბრუსი“, რომლის კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში იკვეთება

The Insider, Belingcat და Der Spiegel: ვინ არის „ელბრუსი“, რომლის კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში იკვეთებაცოტა ხნის წინ, უკრაინაში უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი შაიტანოვი დააპატიმრეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, მისი კურატორი  რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი იყო. ერთ-ერთი ოპერაცია, რომელსაც ეგოროვი და შაიტანოვი ერთობლივად გეგმავდნენ, ჩეჩენი მებრძოლის ადამ ოსმაევის ლიკვიდაცია იყო. გამოცემებმა The Insider, Belingcat და Der Spiegel შეძლეს იმის გარკვევა, რომ ცნობილი საძახისის „ელბრუსის“ უკან სწორედ პოლკოვნიკი ეგოროვი იდგა.  ის იყო კრემლის ერთ-ერთი საკვანძო კურატორი 2014 წელს უკრაინაში შეჭრის დროს, კონკრეტულად კი დონბასის რეგიონში. ასევე, იგივე პირი, „ბუკით“ ჩამოგდებული მალაიზიური „ბოინგის“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტიც არის. ეგოროვი  „ეფესბე“-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანაყოფის „Вымпел”-ის წევრია. იკვეთება, რომ  გასული წლის აგვისტოში, ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის ორგანიზება ბერლინში სწორედ ამ დანაყოფმა მოახდინა.

რას წერენ ეს გამოცემები

2020 წლის 14 აპრილს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თავისივე უწყების მაღალჩინოსნის-გენერალ-ლეიტენანტის ვალერი შაიტანოვის დაპატიმრების შესახებ განაცხადა. შაიტანოვი დიდი ხნის განმავლობაში  სპეციალური ოპერაციების ცენტრ „А“-ს ხელმძღვანელობდა. უწყება ამტკიცებს, რომ „ეფესბე“-ს პოლკოვნიკმა ეგოროვმა ის წლების წინ გადაიბირა. ამის დასადასტურებლად მათი საუბრის აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნეს. ერთ-ერთი საუბრის მიხედვით, ეგოროვი და შაიტანოვი კიევში მცხოვრები ჩეჩენი მებრძოლის ადამ ოსმაევის ლიკვიდაციას გეგმავენ.  რუსეთის მოქალაქე  ოსმაევი, რომელმაც უკრაინაში თავშესაფარი მიიღო, რუსეთის წინააღმდეგ ომში, ჩეჩნურ ბატალიონს მეთაურობდა. რამოდენიმე წლის წინ მასზე მომხდარი თავდასხმის დროს მისი მეუღლე, ამინა ოკუევა დაიღუპა. საუბრის დროს სახელდება კონკრეტული თანხაც-200 ათასი დოლარი, რომელიც დაუსახელებელი ქილერისთვის უნდა ყოფილიყო გადახდილი. ასევე, მკვლელობის სანაცვლად მას რუსეთის ოფიცერის მოწმობასაც გადასცემდენ. როგორც ჩანს, ჩანაწერი პირადი შეხვედრის დროს გაკეთდა და ის თავად ქილერმა გააკეთა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეგოროვის, ქილერის და შაიტანოვის შეხვედრები გერმანიაში, საფრანგეთსა და ხორვატიაში ხდებოდა.

The Insider, Belingcat და Der Spiegel: ვინ არის „ელბრუსი“, რომლის კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში იკვეთებასად ჩნდება „ელბრუსი“-ს კვალი

გამოცემებმა The Insider, Belingcat da Der Spiegel ეგოროვის ხელწერა სხვაგანაც აღმოაჩინეს. მათ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ის სარგებლობდა საძახისით „ელბრუსი“. ომის დასაწყისში ის იყო ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც დონბასში, სამხედრო მოქმედებების კოორდინაციისთვის კრემლიდან მიავლინეს. ეგოროვი 1962 წელს ლუგანსკის ოლქში დაიბადა. „ეფესბე“-ს სპეცდანაყოფ „ვიმპელში“ (Вымпел) პოლკოვნიკის წოდებამდე იმსახურა, რის მერეც ვეტერანების ორგანიზაცია „ვიმპელ-ბ“-ში სამუშაოდ გადავიდა, თუმცა სინამდვილეში მოქმედ თანამშრომლად დარჩა. ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ 2019 წლამდე ეგოროვი სარგებლობდა პასპორტით იგორ სემიონოვის სახელზე.  2014 წელს ის ყირიმის ანექსიაში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც მედალიც კი მიიღო. 2014 წლის დასაწყისში კრემლმა გადაწყვიტა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეგზავნა გამოცდილი სამხედროები, რომლებიც დანაყოფების შიდა კონფლიქტებს ბოლოს მოუღებდნენ და ცენტრალიზებულ მოქმედებებს უზრუნვეყოფდნენ. ამისთვის ორი შტაბი შეიქმნა, ერთი კრასნოდარში, მეორე კი ლუგანსკში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვინმე „ელბრუსი“. გადაჭერილი საუბრებიდან გასაგები ხდებოდა, რომ ვინმე „ელბრუსი“ მსახურობდა „ვიმპელ“-ში, იყო ოპერატიული მეთაური და ასევე ფიგურირებდა ნაძეჟდა სავჩენკოს საზღვარზე გადაყვანის ოპერაციაში.

ამას გარდა, ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა (JIT), რომელიც ჩამოგდებული „ბოინგის“ საქმეს იკვლევს, ასევე შეიყვანა „ელბრუსი“ საქმის ფიგურანტად, როგორც მოსკოვის მიერ დანიშნული რუსული სამხედრო მეთაური, რომელიც სამხედრო მოქმედებების ზონაში სწორედ იმ დროს ჩავიდა, როცა იქ „ბუკი“ იყო ჩატანილი. სწორედ ის იარაღი, რომლითაც მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდეს. Insider-ის და Belingcat-ის მიერ გამოკვლეული ფრენები ცხადყოფს, რომ 2014-2015 წლებში ეგოროვი მუდმივად ჩადიოდა იმ ქალაქებში, რომლებშიც დონბასის ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრები მდებარეობდა. ესენია:როსტოვი, კრასნოდარი, სიმფეროპოლი. უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გადაჭერილ საუბრებში საძახისი „ელბრუსი“ მრავალჯერ არის ნახსენები, ჩანს, რომ  ადგილზე მის ყოფნას თუ მოქმედებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ საუბრებით და თვითმხილველების ნაამბობით დასტურდება, რომ „ელბრუსი“ და ეგოროვი ერთი და იგივე ადამიანია.

The Insider, Belingcat და Der Spiegel: ვინ არის „ელბრუსი“, რომლის კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში იკვეთება„ელბრუსის“ სამიზნეები და მოგზაურობები

ჟურნალისტმა გამომძიებლებმა გამოიკვლიეს ეგოროვის გადაადგილებები 5 წლის განმავლობაში. აღმოაჩინეს, რომ ევროპაში ის თითქმის ყოველ თვე ჩადიოდა. უფრო ხშირად სტუმრობდა გერმანიას, ასევე ხშირი სტუმარი იყო ხორვატიაში, საფრანგეთსა და მონტენეგროში. ერთ-ერთი მისი ჩასვლა მონტენეგროში ემთხვევა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების დღეებს. მაშინ, მონტენეგროს სპეცმსახურებმა შეიარაღებული ჯგუფის მონაწილეები წარმატებით დააკავეს და პრემიერ-მინისტრის მკვლელობაც აღკვეთეს, თუმცა რუსი ორგანიზატორები ვერ დააპატიმრეს. ასევე, ეგოროვი არა ერთხელ იმყოფებოდა თელ-ავივში, იორდანიაში, სინგაპურში, იტალიასა და ბულგარეთში. იორდანიის დედაქალაქ ამანში ის მას მერე ჩავიდა, რაც იორდანიის მეფე აბდულა მეორე მოსკოვს ეწვია, რუსეთ-იორდანიის სამხედრო კოოპერაციაზე და სირიაზე სასაუბროდ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეგოროვის ინტერესის სფერო მხოლოდ უკრაინა არ ყოფილა. საინტერესოა, რომ ის ჩეჩნეთშიც ჩადიოდა ხოლმე და შესაძლოა, სწორედ მაშინ ხდებოდა კრემლისთვის არასასურველი ეთნიკურად ჩეჩენი მებრძოლების ლიკვიდაციის დეტალების შეთანხმება. დამთხვევაა თუ უფრო მეტი, ეს დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, პოლკოვნიკი ეგოროვი ხორვატიაში ზუსტად მას მერე ჩავიდა, რაც იქიდან პარიზისკენ ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი გაფრინდა. ეგოროვი მოსკოვში 2019 წლის 23 აგვისტოს დაბრუნდა, ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ.  Insider-ის და Bellingcat-ის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ორგანიზებული და შესრულებული სწორედ დანაყოფ „ვიმპელი“-ს მიერ იყო. ისევე, როგორც ოსმაევის შემთხვევაშიც, აქაც საუბარია იმ ადამიანის მკვლელობაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

აღსანიშნავია, რომ ეგოროვს 2014 წლიდან 37 საერთაშორისო მოგზაურობა უფიქსირდება, უმრავლესად ევროკავშირის ქვეყნებში, მას შენგენის აქტიური ვიზა წლების განმალობაში ჰქონდა. ბოლოს ის გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2020 წლის 10-12 თებერვალს იყო. სწორედ ამ დროს მოხდა იმ ფარული აუდიო ჩანაწერის გაკეთება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საჯაროდ წარმოადგინა. Der Spiegel-მა დაადგინა, რომ 2020 წლის მარტში, ფრანგმა ძალოვნებმა შენგენის პოლიციას გაუგზავნეს მოთხოვნა „თვალთვალი დაპატიმრების გარეშე“ ეგოროვთან დაკავშირებით, რაც ტრანსსასაზღვრო კრიმინალური გამოძიების ფარგლებში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, იგეგმებოდა მისი დაკავება მომდევნო მოგზაურობის დროს, რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოხდებოდა. თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ფრენები შეწყდა და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებმაც მოგზაურობები შეწყვიტეს. Bellingcat-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პოლკოვნიკ ეგოროვს ნაყიდი ჰქონდა ბილეთი 2020 წლის 4 მარტისთვის მოსკოვი-ფრანკფურტის რეისზე, თუმცა 28 თებერვალს ამ ფრენის გაუქმება მოუწია. კოვიდ-19-ის ეპიდემიის თუ სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის გამო, „ელბრუსი“ ამჯერად დაპატიმრებას გადაურჩა. თუმცა ის, რომ მისი საქმიანობა, ისევე როგორც ფოტოსურათი, ხელწერა, კონტაქტები და ყველანაირი მონაცემები საქვეყნოდ გაიშიფრა, ეს ფაქტია.