თორნიკე შარაშენიძე –  „ოპოზიციას არჩევნებზე ძალიან გაუჭირდება“

თორნიკე შარაშენიძე -  „ოპოზიციას არჩევნებზე ძალიან გაუჭირდება“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, კობახიძე აცხადებს რომ პრემიერმა მასტერკლასი ჩაუტარა გოიმურ ოპოზიციას. რას იტყვით თქვენ?
– კი, გახარიას კარგი გამოსვლა ჰქონდა ნამდვილად. ეს იმიტომ, რომ ოპოზიცია აშკარად არ მოემზადა, ჩათვალეს, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან და მარტივად შეაშინებდნენ გახარიას. გახარიას შეშინება კი ასე მარტივი არ არის. ეს კაცი უჭკუო ნამდვილად არ არის და ასე მარტივად არ დააჩაგვრინებს ოპოზიციას თავს.
– თქვენც ასე ფიქრობთ, რომ გახარიამ მასტერკლასი ჩაუტარა ოპოზიციას?
– ფაქტია, ძლიერი გამოსვლა ჰქონდა. ოპოზიცია თავიდანვე ზედმეტად თავდაჯერებული იყო, დამცინავი ღიმილი ჰქონდათ სახეზე. რომ გამოდიხარ და დარწმუნებული ხარ, რომ ყველას აჯობებ, მერე არ უნდა ჩაფლავდე. გახარიამ ხომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ასე მარტივად არ ყრის ფარ-ხმალს.
როცა უკიჟინებ ერთი და იგივეს, რომ აი, მოსკოვის კაცი ხარ, მოსკოვის კაცი ხარ, სხვისი არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის სერიოზული. გრიგოლ ვაშაძეზე რომ იყო ერთი პერიოდი შეტევა, ვაშაძე კაგებეს აგენტიაო. ეს ძალიან არასერიოზულია. საქმეზე უნდა ილაპარაკონ და არა იმაზე, რომ მოსკოვის კაცი ხარ შენ. გასაგებია, რომ ეს გამიზნული ანტიპიარია, მაგრამ ჩემთვის არასერიოზულია.
– რამდენად შესრულდება ის ყველაფერი, რასაც გახარია გვპირდება?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოხერხებს საქართველოს მთავრობა გარედან ფულის მოზიდვას. ასევე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებენ ფონდში ჩარიცხული თანხების სწორად ათვისებას. თუ დავუჯერებთ, ფონდში ბევრი ფულია ჩარიცხული. შესაძლებელია, რომ ეკონომიკა რაღაც დონეზე მაინც ამოიქოქოს. ამას დრო დასჭირდება.
– შეზღუდვებიც ივნისის დასაწყისიდან მოიხსნება და პარტიები გადადიან აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში. რამდენად შეძლებს ოპოზიცია, სრულფასოვნად ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია?
– ოპოზიციამ ბევრი რამ უნდა გაიაზროს. პირველი ის, რომ “ოცნება” მარტივად არ დათმობს, მეორე, “ოცნება” გამოიყენებს ვირუსთან მიღწეულ ბრძოლის შედეგებს პიარისთვის და უკვე იყენებს კიდევაც. გახარია “ოცნების” ფონზე ძალიან კარგი მენეჯერია. ოპოზიციას ბევრი გასააზრებელი და ბევრიც მისაღები ფაქტი აქვს. ამის უარყოფა და ასე ზერელედ გათვლა, რომ მაინც მოვუგებთ არჩევნებს, არასწორია.
გახარიას პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციამ ეს ფაქტორები არ გაითვალისწინა, პირდაპირ მივარდნენ და არიქა, გახარია მოვიდა და ჭკუას ვასწავლითო, ეს არასწორი იყო.
– ოპოზიცია 20 ივნისით აპელირებდა გახარიასთან.
– კი, გასაგებია. ბუნებრივია, ეს რჩება სერიოზულ სალაპარაკო თემად, მაგრამ ამ ეტაპზე მთავრობამ რაღაც დონეზე გადაფარა 20 ივნისი. დღეს ყველა უყურებს, რა ხდება სომხეთში, რუსეთში, ამერიკაში და ხედავენ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი ვითარებაა. ცხადია, ამას „ოცნება“ ქულებად დაიწერს. ყველა ხელისუფლება ასე მოიქცეოდა. ოპოზიციამ რეალობას თუ არ გაუსწორა თვალი, ისე არაფერი არ გამოვა! გაუჭირდება ძალიან.
– ამ ფონზე შიდა დაპირისპირება იგრძნობა ოპოზიციაში. თუნდაც რა ამბავი მოჰყვა გიორგი ვაშაძის დასახელებას პრემიერობის კანდიდატად.
– აქაც აშკარად პრობლემა აქვთ. არც ისე მარტივადაა შიგნით საქმე, როგორც გარედან ჩანს.
– ვერ შეთანხმდება ოპოზიცია, ვერ იქნება ერთიანი?
– მე მგონი, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. წესით, სექტემბრამდე არ უნდა მოხდეს დასახელება, ღიად და ოფიციალურად. ესეც სერიოზული პრობლემაა, როგორც ჩანს, ერთიანობაც აკლიათ ამ ყველაფრის ფონზე. დღეს ისეთი სიტუაცია რომ იყოს, როგორიც იყო შარშან ივნისის ბოლოს, არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ აღარ არის სიტუაცია ისეთი.
– აქტიურად მიდის საუბარი გახარიას შეცვლასთან დაკავშირებით. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება ივანიშვილის მხრიდან, რომ წინასაარჩევნოდ შეცვალოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრემიერი?
– რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი და მე არ მგონია, რომ შეცვლის. საიდან მოდის ეს ჭორები, არც ის ვიცი. საუბრებია იმაზე, რომ გახარია ოპოზიციაში გადავა. მე ვერ ვხედავ ამაში ლოგიკას და რაციონალურობას. ვიღაც-ვიღაცებს თუ ჰგონიათ, რომ ბიძინა აბსოლუტურად ირაციონალური ადამიანია და არანაირი ლოგიკა არა აქვს, ძალიან ცდებიან.
– ანუ არჩევნებს გახარია ჩაატარებს?
– მე ასე მგონია. ივანიშვილისთვის გახარიას გაშვების მთავარი მოტივი რა შეიძლება იყოს, რომ გახარია უქმნის საფრთხეს ივანიშვილს?! ასეთ დონეზე არ დგას საქმე.
– ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სერიოზულად ეჭვიანობს ივანიშვილი გახარიაზე, ის მასზე პოპულარული გახდაო.
– არა მგონია, რომ ასე იყოს. გახარიას უკან აშკარად არ ჩანს არანაირი პოლიტიკური ძალა კი არა, საკუთარი გუნდის ნიშნებიც კი არ ჩანს. საინტერესოა, რა უნდა ქნას მარტომ, ერთმა გახარიამ?!
– ანუ ის მთლიანად მუშაობს ივანიშვილისთვის?
– რა თქმა უნდა, ასეა. ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ გახარია ოპოზიციაში წავა, ეს არ მეჩვენება ლოგიკურად.
– ასევე საუბარია, რომ აქტიურობს კახი კალაძე. შესაძლოა, ის გავიდეს “ოცნებიდან”?
– არჩევნებამდე არ მგონია, რომ კალაძე ცალკე გავიდეს. მასაც ურჩევნია, რომ ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გავიდეს არჩევნებზე. მერე ვნახოთ, რა იქნება.
– თავის გუნდს აყალიბებსო…
– კალაძე აშკარად აყალიბებს გუნდს, ეს ჩანს, გახარიასგან განსხვავებით. ეს წლებია, ჩანს. ასე რომ, თუ საეჭვიანო აქვს ივანიშვილს, საეჭვიანო უფრო კალაძეზე აქვს, გახარია რა შუაშია.
– თანაც არჩეული მერია კალაძე.
– მით უმეტეს, საეჭვიანოა. კალაძეს თავის წონა აქვს. თავისი კაპიტალით მოვიდა. ფინანსური და პირადი კაპიტალითაც. კარგი რეპუტაცია ჰქონდა, სანამ “ოცნებაში” შევიდოდა. გახარიას არავინ არ იცნობდა ამ ქვეყანაში, კალაძეს კი ყველა იცნობდა.
– ანუ კალაძე მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს ღია მოქმედებებს, როდესაც მერი აღარ იქნება?
– ვნახოთ, გამოჩნდება ეს ყველაფერი. გააჩნია, “ოცნება” როგორ გავა ამ არჩევნებზე. ეს ჯერ ხომ არ ვიცით.
– რა მოლოდინები გაქვთ და საერთოდ ჩატარდება არჩევნები?
– აუცილებლად ჩატარდება. თუ ოპოზიციამ რაღაცები არ გაიაზრა, ძალიან გაუჭირდება. აი ამის თქმა შემიძლია. არ შეიძლება, ის მიღწევები, რაც ოპოზიციას ჰქონდა, ასე მარტივად გაფლანგო და ფაქტია, რომ ოპოზიციამ რაღაც-რაღაცები გაფლანგა.
– რატომ უშვებენ ასეთ შეცდომებს?
– ჩემი აზრით, ეს ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. აქედან მოდის ყველაფერი.
– როგორია თქვენი პროგნოზი, კოალიციური მთავრობა თუ ისევ “ოცნება”?
– ჩემთვის კარგი იქნება და იმედი მაქვს, რომ იქნება კოალიციური მთავრობა. რაღაც დონეზე მაინც. სიტყვაზე, თუნდაც ორი პარტია იყოს. ესეც სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ბოლოს და ბოლოს, უნდა დამთავრდეს ის მენტალიტეტი, რომ დამარცხებული მიდის მოუსავლეთში, დამარცხებულს დასდევენ და გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. ეს არის მარაზმი!