“ბევრს ისროდნენ, ვიღაც დასისხლიანებული ეგდო, მერე წამოხტა და ტყეში გაიქვა” – ბაგებში სროლის ახალი დეტალები

სტაბილურია ბაგებში დაპირისპირებისას დაჭრილების მდგომარეობა. სროლისას ორი 45 წლამდე მამაკაცი დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლას შელაპარაკება უძღოდა წინ, კონკრეტულად რაზე ვერ შეთანხმდნენ მამაკაცები უცნობია. ადგილობრივები ყვებიან, რომ საკმაოდ ბევრი გასროლის ხმა გაიგონეს.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, მან თავდაპირველად გაიგო დაპირისპირების ხმა, შემდგომ გასროლის და დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაინახა, რომელიც დასისხლიანებული ტყის მიმართულებით გარბოდა.

“სროლის ხმა რომ გავიგე, ჩვეულებრივად ბავშვები გავარდნენ აივანზე. ბავშვების შემოყვანით ვიყავი დაინტერესებული. დავინახე ჩოჩქოლი, მანქანები და ბევრი ბიჭი ირეოდა. მერე უცებ, ხალხმა ატეხა ყვირილი და გაიქცნენ. ყველა გაიქცა, როდესაც ხალხმა დაიწყო ყვირილი. ვიღაც ეგდო. მე თვითონაც მინდოდა დარეკვა, რომ დავინახე დაგდებული, მერე წამოხტა და ტყეში გაიქცა. დასისხლიანებული იყო, არ ვიცი დაჭრილი იყო თუ არა. მერე პოლიცია  მოვიდა, იპოვეს ის ვიღაცა და ელაპარაკებოდნენ ეზოში,” – გაანცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ორივე დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარული მკურნალობა უტარდებათ.

ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

ბაგებში, სადაც ორი მამაკაცი დაიჭრა, ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილიც გაჩხრიკეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

რუსთავი 2