გაბუნიას მკვლელობის საქმეზე კიევში უშიშროების გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გავიდნენ

გაბუნიას მკვლელობის საქმეზე კიევში უშიშროების გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გავიდნენგიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის მზადების შესახებ  უკრაინელი სამართალდამცავების მიერ რამზან კადიროვთან კავშირში ეჭვმიტანილი უკრაინის უშიშროების გენერლის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი – საქმის ახალ დეტალებს “მთავარ არხს” ყოფილი სამხედრო, ვანო ნადირაძე უყვება.

ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი შაიტანოვი მხილებულ იქნა რამზან კადიროვთან კავშირში. გამოძიების ინფორმაციით, მას კადიროვისა და პუტინის მოწინააღმდეგის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში 1 მილიონი დოლარი ჰქონდა აღებული.

გენერალი შაიტანოვი უკრაინაში აპრილის დასაწყისში დააკავეს. სწორედ ამ სპეცოპერაციების შედეგად გახდა უკრაინელი სამართალდამცავებისთვის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმის შესახებ, რაც მოგვიანებით ქართველ კოლეგებს აცნობეს.

“მას ჰქონდა დავალებული ადამ მუსაევის მკვლელობა. ადამ მუსაევი ერთ-ერთი პატრიოტი ჩეჩენია, რომელიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევს კადიროვს და პუტინს. სწორედ გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გიორგი გაბუნიაზე მზადდებოდა თავდასხმა”, – ამბობს ვანო ნადირაძე.
ბოკოვი, რომელიც ქართველი ჟურნალისტის მკვლელობას გეგმავდა, ქვეყანაში დაახლოებით ოთხი თვის წინ შემოვიდა. იგი საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა.

ამ თემაზე მომუშავე ექსპერტებს კითხვები აქვთ ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების შესახებ.

“მე მინდა ხელისუფლებას ვკითხო. კარგია, რომ ეს ადამიანი დაკავებულია, მაგრამ ეს შეიძლება დასაწყისია ისტორიის და სად არის გარანტია და რას აკეთებს იმისთვის, რომ სხვა მსგავსმა ადამიანმა არ გადმოკვეთოს საზღვარი და არ გააკეთოს ის, რასაც, სავარაუდოდ ცდილობდა ეს ადამიანი. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, ეს არის მტრული აქტი რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მიმართ”, – ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე.
რუხაძის თქმით, ეს იყო არა მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ მტრული აქტის განხორციელების მცდელობა.

“საქართველო გახდა რუსული სპეცსამსახურებისთვის მუშაობის აქტიური ზონა, ეს ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ცუდია, მაგრამ ასევე ეს მიანიშნებს იმაზე, რუსეთს უკვე კარგად ორგანიზებული ქსელი და ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია. და გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით გარკვეული ფაქტი, რომელიც გამომჟღავნდა, რადგან ჩვენი მეგობარი ქვეყნები იყვნენ ჩართული, ადასტურებს იმას, რომ ეს არ იყო უბრალოდ ერთი შურისძიების ფაქტი”, – ამბობს ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ბათუ ქუთელია.
რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა, რომელიც არსებული ინფორმაციით საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა.

ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო.

მთავარი არხი