გიორგი გახარია პრემიერის პოსტს 15 ივნისამდე დატოვებს

გიორგი გახარია პრემიერის პოსტს 15 ივნისამდე დატოვებს15 ივნისამდე ქვეყანას სავარაუდოდ, ახალი მთავრობის მეთაური ეყოლება.

როგორც “2020NEWS”-ს ინფორმირებული წყარო უყვება, დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები მიმდინარე თვის დასაწყისში განხორციელდება და პრემიერ გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.

“2020NEWS” ინფორმაციითვე, მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციები უკვე დასრულებულია და სწორედ ლილუაშვილია ის საპრემიერო კანდიდატი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების“ პოლიტიკურ მარათონს გახსნის.

წინ 20-21 ივნისის სისხლიანი ღამის წლისთავია. „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით, თუ გახარია ისევ კორონავირუსის პამდემიამ არ გადაარჩინა, საკუთარი მოქალაქეების დარბევისა და თვალებისნ დათხრის წლისთავს სწორედ გახარიას გარეშე დარცება, რომელმაც ეს სისხლიანი მოვლენები „ჯიგრულად“ აიღო თავის თავზე.

ინფორმირებული წყარო ასევე გვიყვება, რომ სამთავრობო ცვლილებები შეეხება მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც, გარდა ძალოვანი უწყებების პირველი პირებისა.

ამასთანავე, როგორც “2020NEWS”-თვის ხდება ცნობილი, მმართველმა გუნდმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შემცვლელის დიპლომატიურ წრეებში ძებნა დაიწყო.

მას შემდეგ, რაც ციხელაშვილი თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს და საქმიანობას ავსტრიაში ელჩის თანამდებობაზე გააგრძელებს, იქამდე მინისტრობის ახალი კანდიდატიც მოიძებნება. საგულისხმოა ასევე ის, რომ მას უფლებამოსილების ვადა მინისტრის რანგში სწორედ 15 ივნისს ეწურება.

ის, რომ სამთავრობო კარუსელი დატრიალდება და გიორგი გახარია თანამდებობას გამოემშვიდობებ,ა ამის შესახებ “2020NEWS” დიდი ხნის წინ წერდა, თუმცა იქნება თუ არა ეს გაშვება „ჯიგრულ პონტში“ არავინ იცის. იქამდე კი მკითხველს შეგახსენეთ, თუ ვინ და რატომ განიხილებოდა გახარიას შემცვლელად.

ვიდრე საქართველო 2-თვიანი საგანგებო რეჟიმის პირობებში სახლში დარჩა და გარეთ ვერ გამოვიდა, ვიდრე ქვეყანა საშიშ და უხილავ მტერს ებრძოდა და გაუჩინარებულ „ერის მოქმედ მამას“ უიმედოდ ეძებდა, ბიძინა ივანიშვილის კარზე საკადრო გადაადგილებისთვის ბრძოლა არც შეწყვეტილა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 5 თვით ადრე, „ქართული ოცნების“ ლიდერი ოლიგარქი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და ახალ საპარლამენტო გუნდზე კონსულტაციებს გადის. კონსულტაციების დასრულებამდე დღეებიღა დარჩა.

“2020NEWS” ექსკლუზიური ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, არაფორმალური მმართველის კარზე მწვავე შიდა კონკურენცია მიმდინარეობდა. იმის მიუხედავად, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გაშვება ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე იყო გადაწყვეტილი და მის შემცვლელად სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნა, რაზეც “2020NEWS” 3 თვის წინ წერდა, კორონაპანდემიამ შიდა კონკუნერციის და პოლიტქასტინგის ვადა გაახანგრძლივა. შიდა კონკურენციაში 3 ძირითადი კანდიდატი მონაწილეობდა – სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, დასახელებული კანდიდატურებიდან ივანიშვილის უპირობო ფავორიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, მაგრამ კონკურენციას რომ სიმძაფრე არ მოკლებოდა, ბრძოლის შანსებს მაია ცქიტიშვილსაც აძლევდა. კიდევ ერთი პრემიერობისთვის მებრძოლი ლაზიერი ნათია თურნავაც არ იყო „უპატრონო“. მის კანდიდატურას აქტიურად ლობირებდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ოლიგარქის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მაია ცქიტიშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს „ქართუს“ ბექგრაუნდი აქვთ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული პორტფელების ჩაბარებამდე ისინი ივანიშვილის პირად ფონდ „ქართუში“ ბეჯითად მუშაობდნენ და დაუფასდათ კიდეც სიბეჯითე – მამა-მარჩენალმა მათი კარიერული აღმასვლა უზრუნველყო.

რაც შეეხება პრემიერობის მესამე კანდიდატს – ნათია თურნავას. “2020NEWS”-ის ინფორმაციით, ეკონომიკური გუნდის ლიდერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ლობირებდნენ.

ცალსახაა, რომ მსხვილ ბიზნესმენებს, რომელთა საკუთრებასა და ინტერესებში თითქმის ყველა სახის მსხვილი ბიზნესია, თურნავასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც ვანო ჩხარტიშვილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2000-2001 წლებში მისი პირველი მოადგილე იყო. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ჩხარტიშვილი ნათია თურნავას პატრონაჟს წარმატებით უზრუნველყოფს. თურნავას სამინისტრო წლების განმავლობაში არ დაუტოვებია. მას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაურთულდა კარიერული კიბე, როდესაც ვანო ჩხარტიშვილს სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერობები დაეძაბა.