საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ე.კ.-მ, ლ.გ.-მ, გ.გ.-მ, ვ.ნ.-მ, შ.ი.-მ, და ლ.დ.-მ, მათივე მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოს ტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ.
აღნიშნულით, მათ მიეცათ შესაძლებლობა პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის“ გადახდის სისტემაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე.
ბრალდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით. დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოს ტერმინალში და ,,ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს.
საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ კი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ნაწილდებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვა სახელმწიფოში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.
ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687.321 ლარის და 60.400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.
2020 წლის 16-17 ივნისს ე.კ-ს, ლ.გ-ს, გ.გ-ს, ვ.ნ-ს, შ.ი-ს, ლ.დ-ს, გ.კ-ს, და კ.ა-ს, წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დღესვე ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ბრალდებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა სალომე ჩიქობავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, 7 პირიდან სასამართლო პროცესს 4 ესწრებოდა, 3 პირი მიმალვაში იმყოფება, მერვე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე, რომელიც პატიმრობაში არაა, ცალკე იმსჯელებენ.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა 7 პირის შემთხვევაში ბრალდების მხარის არგუმენტები, მიიჩნია, რომ მათი მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. შესაბამისად, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, გამოძიების მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რაც სრულად ადასტურებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას”, – აცხადებს ჩიქობავა.
მისივე განმარტებით, ყველა დაზარალებული პირი იდენტიფიცირებულია.
„ჯამში ბრალი 8 პირს აქვს წაყენებული, აქედან დღეს, 7 პირის მიმართ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული. რვავე პირი საქართველოს მოქალაქეა. იდენტიფიცირებულია ყველა დაზარალებული, მოპოვებულია მაიდნიტიფიცირებელი მონაცემები, მათ შორის, აიპი მისამართების შესახებ.
არაერთი დაზარალებულია, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებები. ბრალდებულები მათ სარგებლობაში არსებული პოსტერმინალების მეშვეობით არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს აჭრიდნენ მათი ნებართვის გარეშე ფულად თანხებს. მათ მიერ წინასწარ მოპოვებული იყო არარეზიდენტი ფიზიკური პირების პლასტიკური ბარათების მონაცემები, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ პოსტერმინალზე ამ ბარათის ნომრის შეყვანის შემთხვევაში თანხა ჩამოჭროდა დაზარალებულებს. თანხა ირიცხებოდა მათ საბანკო ანგარიშებზე და შემდეგ ნაღდი ანგარიშსწორებით გამოჰქონდათ”, – განაცხადა ჩიქობავამ.
ერთ-ერთი დაკავებულის, ვაჟა ნებიერიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა დაკავებულებს არ იცნობს.
მისივე თქმით, ყველას საქმე არის სხვადასხვა, განცალკევებული ეპიზოდები და ერთმანეთთან არცერთი არ არის კავშირში.
როგორც ადვოკატმა დავით აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ ვაჟა ნებიერიძე პატიმრობაში დატოვა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვაჟა ნებიერიძე იყენებს დუმილის უფლებას. სამართლებრივად ითვლება, რომ ის არ თვლის თავს დამნაშავედ. შეფარდებული აქვს სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, თუმცა ჩვენ ვითხოვდით გირაოს შეფარდებას 10 000 ლარის ოდენობით, რაც არ დაკმაყოფილდა. სავარაუდოდ, ბრალდებულთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავასაჩივროთ სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში. ვიდეომტკიცებულებებზე დასადგენია, ხომ არ არსებობს მონტაჟის კვალი და რამდენად ავთენტიკურია ის, ამას დავადგენთ ექსპერტიზის მეშვეობით. მე არც ერთ ბრალდებულს არ ვიცნობ, გარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და არც ის იცნობს სხვას, ეს არის სხვადასხვა განცალკევებული ეპიზოდები და ერთმანეთთან არცერთი არ არის კავშირში. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს,ისინი არ მიუთითებს დანაშაულზე, არამედ მიუთითებს უბრალოდ ქმედებების განხორციელებაზე, რაც სავსებით ლეგიტიმურია. მათ შორის გადარიცხვები, ხელფასების გაცემა და სხვა”, – განაცხადა დავით აბესაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულად ცნობილია საქართველოს რამდენიმე ბანკი და მათ რიცხვს არ განეკუთვნება უცხოეთის რომელიმე მოქალაქე ან უცხოეთის ბანკი.
,,არც ერთი ანგარიშზე არ არის დადგენილი, რომ ის ფიქტიურია ან ყალბია, ამის დადგენას ცდილობს გამოძიება, მაგრამ დაადგენს თუ არა ეს მეორე საკითხია. სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილია საქართველოს რამდენიმე ბანკი, არცერთი უცხოეთის მოქალაქე ან უცხოეთის ბანკი არ არის ცნობილი დაზარალებულად და ვერც იქნება იმიტომ, რომ მათ რაიმე სახის მატერიალური ზიანი არ მიუღიათ”, – განაცხადა დავით აბესაძემ.
იპნ

