თაკო ჩარკვიანი – “გია ბარამიძეს ვურჩევ, ტონალობა შეცვალოს”

თაკო ჩარკვიანი - "გია ბარამიძეს ვურჩევ, ტონალობა შეცვალოს"იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
გარკვეული დაძაბულობაა გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ფორმატში. როგორც ირკვევა, ნაციონალური მოძრაობის ნაწილს არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გამოსვლა და არ ემხრობა იდეას, რომ “ძალა ერთობაშია”-ს ფორმატში მიიღოს მონაწილეობა.
რა დისკუსიაა გაერთიანებულ ოპოზიციაში, რაზე შეთანხმდნენ და უკავშირდება თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის სურვილებს? – ამ და სხვა საკითხებზე ამ თემის ირგვლივ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი სუბიექტის, პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი საუბრობს.
– რა ხდება გაერთიანებულ ოპოზიციაში. “ძალა ერთობაშია” ბლოკის სახით გამოხვალთ არჩევნებზე თუ ცალ-ცალკე პარტიების სახით მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას?
– გუშინ გვქონდა შეხვედრა და ნაციონალურმა მოძრაობამ თავად ითხოვა დრო. იმიტომ, რომ მათ ხელი აქვთ მოწერილი წესდებაზე. სხვათა შორის, ეს წესდება ჩემამდე შედგა. იცით, რომ როგორც მე-12 პარტია, ჩვენი პარტია “კანონი და სამართალი” ამ გაერთიანებას გვიან შეუერთდა. ჩვენ შესვლამდე ამ გაერთიანებაში შედგა წესდება და პარტიებს ამაზე ხელი აქვთ მოწერილი. ბუნებრივია და აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის, რომ პარტიები ითხოვენ იმ წესდების შესრულებას, რაც იქ წერია და კითხულობენ, რა ხდება ამ თვალსაზრისით.
– რა წერია წესდებაში?
– ისინი არიან ამ პროცესის მონაწილეები და მათი გადასაწყვეტია, რა წერია. “ძალა ერთობაშია”-ს შეთანხმება წესდებით არსებობს. შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ დოკუმენტში, მე რამე ინტერპრეტაციით რომ არ ვთქვა.
– ანუ წესდების თანახმად გაერთიანებული ოპოზიცია ერთჯერადად არ უნდა ყოფილიყო გაერთიანებული და საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა ყოფილიყო სწორება?
– რა თქმა უნდა. არჩევნებზე და საარჩევნო საკითხებზეა ლაპარაკი. აბა როგორ?!
ბუნებრივია, რეაქცია იყო ამასთან დაკავშირებით. ეს არ ხდება ჩხუბის დონეზე ან თუნდაც კამათის დონეზე. იკითხეს ადამიანებმა ელემენტარულად. ჩემ კანდიდატურას მაჟორიტარად ერთხმად ყველამ მხარი დაუჭირა “ძალა ერთობაშია”-ს ფორმატში. მათ თქვეს, რომ ისინი თავისი მხრიდან მხარს უჭერენ ამას.
ნაციონალური მოძრაობა შეკრებაზე ვერ მოვიდა, იმის წინ ვერ მოვიდა… რა გავაკეთოთ?
– ანუ რამდენიმე შეხვედრა გქონდათ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში და ნაცმოძრაობა არ დაესწრო ამ შეხვედრებს?
– დიახ, რა თქმა უნდა. დაუჭირეს მხარი მათ ჩემ კანდიდატურას და მერე ლეგიტიმური კითხვები გამოითქვა გარკვეული ადამიანების. ნახეთ თქვენ ინტერვიუები. ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ ორი მანდატი გვინდა ნაციონალებს და მეტი არაო. ეს იყო მათი პარტიიდან. ეს თქვა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ, რომ მელიამ ნაციონალური მოძრაობის მანდატებზე გააკეთა განცხადება.
გრიგოლ ვაშაძესაც სურს, რომ არსებობდეს ეს გაერთიანება, რომელმაც ამხელა გამარჯვება დადო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 900.000 ხმის მოგროვება გამარჯვება იყო. ხომ არ ჰქონდა მანამდე ეს ხმები?!
– ვაშაძე იმიტომ ხომ არ უჭერს მხარს, რომ მეტი პასუხისმგებლობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ის იყრიდა პრეზიდენტად კენჭს და ყველამ მხარი დაუჭირეთ მას?
– ვერ გეტყვით. ბატონმა გრიგოლმა თქვა, წარმატებული პროექტიაო. მართლა წარმატებულია. ამაზე დიდი წარმატება ჯერჯერობით ვერავინ ვერ აჩვენა. ნათელაშვილის ოფისში გაერთიანებას ჯერჯერობით გამარჯვება არ დაუდია. ჩვენ, ნამდვილმა გაერთიანებამ შედეგი დავდეთ. ნამდვილს იმიტომ ვეძახი, რომ დასავლური ღირებულებების გარშემო ვართ გაერთიანებულები და 900.000 ხმა დავდეთ. ამიტომ თავი დავანებოთ ამას, მაგრამ ლეგიტიმურად დასვეს კითხვა გაერთიანების სუბიექტებმა, ის 6 ხმა ვის მიეცით და რატომ, ან ვის ჰკითხეთ, რომ 6 მაჟორიტარზე უარს ვამბობთო? ლოგიკურია ხომ ეს კითხვა, ვის ჰკითხეს, რომ სხვების ხმები დათმეს?! ეს არის ამომრჩევლის ხმები, ჩვენი ამომრჩევლის “ძალა ერთობაშია” ხმები.
– ანუ პირადად თქვენც გაგიჩნდათ ამასთან დაკავშირებით კითხვები?
– ცხადია, გამიჩნდა. მაგრამ იცით, რომ არ მინდა რყევის მომენტი შევიტანო. ეს მე ადრეც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში და ყველაზე ნაკლებად ვერევი ამ საკითხებში. ველოდები პარასკევ დღეს. თვითონ მოუნდებათ გასვლა? გამოდის, რომ თვითონ მოინდომა ნაციონალურმა მოძრაობამ”.
პარასკევამდე იმიტომ ვიცდით, რომ აზრთა სხვადასხვაობაა და ბევრი არ ემხრობა იმას, რომ ცალკე გავიდნენ. ეს არის ჩემი ინფორმაცია.
– ნაციონალური მოძრაობის შიგნით?
– კი, ნაციონალური მოძრაობის შიგნით. ბევრი არ ემხრობა იდეას, რომ ცალკე გავიდნენ, ამიტომ ვაცალოთ. თავად მიხეილ სააკაშვილიც მომხრეა, რომ შენარჩუნდეს ეს ფორმატი “ძალა ერთობაშია” და ბლოკით გამოვიდეთ არჩევნებზე. ვადროვოთ. თუ თვითონ მოინდომებენ, რომ უნდათ გასვლა, ვინ გადაუდგება წინა?! ვერავინ.
– საზოგადოებაში ასეთი განცდაც გაჩნდა, რომ სააკაშვილს პარტნიორებისთვის ხმები არ ემეტება და ამიტომ აღარ უნდათ ბლოკი. რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე?
– არა. თუ რამეს ვერ დააბრალებ ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილს, მას ამას ვერ დააბრალებ. მე არ მაქვს შორიდან ინფორმაცია. თუ ვინმეს რაიმე შეიძლება არ დააბრალო, ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. ეს ჩართულობა, სადაც ბოკერია ხელებს აფათურებს… გახსოვთ 2016 წელი, როდესაც ბოკერიამ შუაზე გაუნგრია პარტია მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილს უნდოდა, როცა ბოკერიამ უღალატა მას?! იგივე ამბავია ახლაც.
– ახლა უკვე ნაცმოძრაობის შიგნით სხვა ბოკერიებს ხედავთ?
– ასე არ შემიძლია რომ ვთქვა, სხვა ბოკერიებს თუ სხვა… მაგალითად, გია ბარამიძეს რამდენჯერმე მივუთითე, რომ თავი შეიკავოს რადიკალური განცხადებებისგან. ბარამიძეს არ აქვს ის ბეგრაუნდი, რომ ასეთი რადიკალური განცხადებები აკეთოს. გია ისედაც რადიკალურად ახსენდება საზოგადოებას და მე მას მეგობრულად ვურჩევდი, რომ როდესაც ძალიან რადიკალად გიცნობს საზოგადოება, პოლიტიკაში რაღაცები უნდა ისწავლოს. ასეთი ტონალობა მან უნდა შეცვალოს. როდესაც ამას არ ცვლის, ეს მისი საქმეა, მაგრამ ამომრჩევლისგან ალბათ შესაბამის პასუხს მიიღებს. მე გამიხარდებოდა, რომ უფრო რბილი გია ბარამიძე მენახა, მაგრამ მისი საქმეა, როგორც უნდა, ისე ილაპარაკოს. მაგრამ არ მგონია, რომ კარგი იყოს.
– მესმის, რომ რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებთ საქმიდან გამომდინარე, მაგრამ პარასკევს თუ არ იქნება ის გადაწყვეტილება, რასაც ელოდებით, რა პასუხი გექნებათ?
– რა თქმა უნდა, ასეთ დაძაბულ ვითარებაში მკვეთრ განცხადებებს არ ვაკეთებ.
დაველოდები, ნაციონალური მოძრაობა თვითონ როდის გამოაცხადებს და რას. მე მათ მაგივრად არაფერს ვიტყვი. მე გაცხადებული მაქვს ჩემი პოზიცია – დასავლური ვექტორი “ძალა ერთობაშია”. თუ ნაცმოძრაობა იტყვის, ცალკე გვინდაო, მაშინ ეს ტვირთი თავად უნდა აიღონ. მე მინდა, რომ პროცესი წარიმართოს სააკაშვილის რეფორმებით და დასავლური კოალიციით და როგორი წარმატებული პროექტიც დავდეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ის დავდოთ ახლაც.
თუ ნაცმოძრაობის იმ ფრთამ გადაძალა პროცესი, ვინც არ ემხრობა გაერთიანებული ოპოზიციის არსებობას, რაღას გავაკეთებთ და ყველას ჩვენ ჩვენი გზა გვექნება. ტრაგედია არაფერია. მთავარია, რომ ერთობა და დასავლური ვექტორი იყოს.
მთავარია, რომ რუსეთზე მომუშავე პარტიები და სამარცხვინო პირები არ გავახაროთ.