ადვოკატი ნიჟარაძე – “ჩემს კლიენტებს ინტელექსპრესი არ გაუძარცვავთ”

ადვოკატი ნიჟარაძე - "ჩემს კლიენტებს ინტელექსპრესი არ გაუძარცვავთ"ქუთაისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესის” ქურდობის ფაქტზე დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ. როგორც დაკავებულების ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, საქმეში მათი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. მიგვაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში არიან უდანაშაულოები. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ამოღებული თანხა, რომელიც არ არის დიდი ოდენობის და ძვირფასი ნივთები არის ოჯახის საკუთრება. ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ. იარაღები ნამდვილად მისია, რადგან ეს ადამიანი ხელოსანია. რაც შეეხება ნარკოტიკს, ის ჩაუდეს”, -განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.

მისი თქმით, დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ საცავიდან ფულის და ოქროს ნივთების მოპარვის საქმეზე 2 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.