პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბოლო კვლევებით, პიროვნული მოწონების რეიტინგში, ტრადიციულად, პირველ ადგილს პატრიარქი იკავებს, მეორეზეა გახარია და მესამეზე – კალაძე. მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება კალაძე პოლიტიკიდან წავიდეს. რით ხსნით კალაძის პასიურობას?
– ჩემთვის, პირადად, წარმოუდგენელია, ასეთი ენერგიით სავსე, წარმატებული ახალგაზრდა პენსიაზე გავიდეს და სახლში დაჯდეს. კალაძე ახლა იმ კონდიციაშია, როდესაც ენერგიის დახარჯვა უფრო სჭირდება, ვიდრე მისი მობილიზება. თუ კალაძე იტყვის, პოლიტიკიდან მივდივარო, მაშინ დამაჯერებელი არგუმენტებიც უნდა დაასახელოს, რატომ მიდის.
– კალაძეს ექნება პრეტენზია გუნდის წინაშე, რომ უფრო მეტი მოითხოვოს?
– კალაძის არწარდგენა თბილისის მერის პოზიციაზე თავისთავად რთული გასაგები იქნება, თუ, რასაკვირველია, საერთოდ პენსიაზე გასვლა არ მოინდომა, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ კალაძემ სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი. კალაძეს და გახარიას აქვთ მაღალი რეიტინგი “ქართული ოცნებისგან” დამოუკიდებლად. ეს უფრო პიროვნული რეიტინგია, ვიდრე პარტიული.
კალაძე არის ამბიციური და ამ ამბიციის შესაბამისი შრომა მას შეუძლია, მაგრამ, რა უნდა მოითხოვოს, პრემიერის პოსტი?! დედაქალაქის არჩეული მერობის შემდეგ რიგით მინისტრობას ხომ არ მოითხოვს? მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ: თუკი თამაშში გახარია შემოდის, კალაძისთვის წამგებიანი იქნება გახარიასთან დაპირისპირება.
ამ შემთხვევაში კალაძე ვერაფერს მოიგებს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა