პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კალაძის პოზიცია შედარებით განსხვავდება ღარიბაშვილის, კობახიძისა თუ მდინარაძის პოზიციებისგან.
– რიტორიკა აქვს შეცვლილი კალაძეს?
– ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ რაღაც მიმართულებები არსებობს, სადაც სხვა პოზიციები აქვს. მაგრამ, რადგანაც ის დათანხმდა “ქართული ოცნების” წინადადებას და ის გახდა ისევ “ოცნების” სახე, ეს იმას ნიშნავს, რომ გვინდა თუ არა, ინტერესთა თანხვედრა უფრო არსებობს, ვიდრე განსხვავებები. წინააღმდეგ შემთხვევაში კალაძე უარს იტყოდა.
– არიან ოპოზიციაში ისეთი ფიგურები, ვინც რეალურ კონკურენციას გაუწევს კალაძეს?
– მე მგონია, რომ ოპოზიციაში არიან ასეთი ფიგურები, მაგრამ ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ შეჯერდა ერთიან კანდიდატზე, რაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციას გამარჯვება გაუჭირდება.
შესაძლებელია, რომ კალაძემ მიიღოს პირველ ტურში 35-40%. შესაძლოა მეტიც, რადგან “ქართულ ოცნებას” აქვს ადმინისტრაციული რესურსი და ის მოახდენს მოსახლეობის მობილიზებას. მაგრამ არის კატეგორია, რომელიც “ოცნების” მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, მაგრამ ოპოზიციის მიმართაც კრიტიკულად არის განწყობილი და არც წავიდეს არჩევნებზე. ამიტომაც ამ პირობებში, თუ ოპოზიციის ერთმა კანდიდატმა მიიღო 15%, მეორემაც 15%, ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ოპოზიციის დამარცხებას.
– ხომ არ აგვიანებს ოპოზიცია გეგმის წარდგენას?
– ჩემი აზრით, აგვიანებს. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო და სწორი იქნება ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელებაც.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა