ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი, გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძე, ქმარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრა. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილს, თავდაპირველად, წნორის კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
კლინიკაში მარიამ აბაზაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, ექიმებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე, პროგნოზის გაკეთება უჭირდათ.
ქალის დაჭრის გამო პოლიციამ 27 წლის შმაგი ხუნაშვილი დააკავა, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც კაცმაცოლს სანადირო თოფიდან ესროლა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც ბებიასთან იმყოფებიან.