საკრებულოს უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას, თბილისში დღეს კიდევ ორ ტერიტორიას გადასცემენ. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბოტანიკური ბაღის ერთ ჰექტრამდე ფართობის კერძო პირისთვის გადაცემაზე იმსჯელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სწორედ ყოფილი პრემიერის კომპანიაზე, რომელიც ადგილზე სამუშაოებს პანორამა თბილისისთვის განახორციელებს.
ამავე ორგანიზაციისთვის იგეგმება ფართის გადაცემა პუშკინის სკვერის ქვეშ, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა.
უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ბოტანიკური ბაღისა და პუშკინის სკვერის შესახებ გენგეგმის დამტკიცების ფარგლებში იმსჯელებენ.
– თაბორის მთაზე კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და ამ ტერიტორიის საირიგაციო სისტემების მოწყობისთვის, დამატებით მთლიანი ტერიტორიის 1%-ზე ხდება ზონის ცვლილება. დამუშავდა ის ადგილები, რომელზეც ქალაქს აქვს ინტერესი, რომ განხორციელდეს მიწისქვეშა პარკინგები და ასევე ერთ-ერთი გახლავთ პუშკინის მოედანზე, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.

