ლიბიაში დაკავებული ქართველების ნათესავები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

ლიბიაში დაკავებული ქართველების ნათესავები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენლიბიაში დაკავებული ქართველების ნათესავები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, რომან კაკალაძის ნათესავმა ვახტანგ კაკალაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ლიბიაში საპატიმროში მყოფი ქართველი მეზღვაურები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. მისი ინფორმაციით, დაკავებულ ქართველებს თავდაპირველად კონტრაბანდის გადატანაში, მოგვიანებით საზღვრის უკანონო კვეთაში დასდეს ბრალი. დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ ქართველი მეზღვაურები უდანაშაულოები არიან და ხელისუფლებას დახმარებას და საკითხის დაინტერესებას სთხოვენ.

– ლიბიაში სამი ქართველი რომან კაკალაძე, ნუკრი ხოხბა და გენო კომახიძე დააკავეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. დღეს ოცდამეათე დღეა, რაც საკანში იმყოფებიან და შველას ითხოვენ. ჩემს ბიძაშვილს, რომან კაკალაძეს ლიბიაში გუშინ საღამოს ვესაუბრე და მითხრა, რომ გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, თითქმის არ აქვთ საკვები და სასმელი წყალი. საპატიმროში მკვლელებთან ერთად არიან. როგორც ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, თავიდან კონტრაბანდის გადატანაში ედავებოდნენ, ახლა სასამართლო პროცესი ჩატარებულა, სადაც განუცხადეს, რომ მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედავებიან და არა კონტრაბანდის გადატანაში.

დაკავებულ ქართველებს პირველ რიგში ესაჭიროებათ არაბული ენის მცოდნე ადვოკატი და ხელისუფლებისგან ყურადღება. ჟურნალისტებმა კაპიტან გენო კომახიძესთან დაკავშირება შეძლეს, მაგრამ მთავრობაში გვითხრეს, რომ გენო კომახიძეს ვერ ვუკავშირდებითო.

რა გამოდის, ხელისუფლება დაკავებულებს ვერ უკავშირდება და ჟურნალისტები უკავშირდებიან?! არ ვიცი რეალურად რა ხდება აქ,- აცხადებს ვახტანგ კაკალაძე.
ლიბიაში, ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. მათ შორის გემის კაპიტანიც. დაკავება სავარაუდოდ არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას უკავშირდება.