მამა გიორგი მამალაძე – ”ეჰ, ეპისკოპოსო იაკობ, ნუთუ ფიქრობ, რომ ჩემს შეშინებას შეძლებ?”

მამა გიორგი მამალაძე - ”ეჰ, ეპისკოპოსო იაკობ, ნუთუ ფიქრობ, რომ ჩემს შეშინებას შეძლებ?”დეკანოზი გიორგი მამალაძის წერილი „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ გავრცელდა.

წერილში დეკანოზი პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს, მეუფე დიმიტრისა და საზოგადოებას მიმართავს.

„წინასწარმეტყველი ზირაქი ბრძანებს, სიტყვაშია პატივი და უპატიობა, ენაა კაცის დამმხობი, სწორედ ესაა ჩემი დანაშაული, ორი ადამიანი ხუმრობანარევი კერძო საუბარი გახდა ბრალდების განაჩენის საფუძველი, მხოლოდ ეს, ვინაიდან სხვა მტკიცებულება არც მათ ჰქონდათ და რასაკვირველია არც ბუნებაში არსებობდა.

თუმცა, აქ ჩემი განაჩენი მეორეხარისხოვანია, საუბედუროდ, ამ შტურმის სამიზნე საქართველოს ეკლესიაა, ციხე ხომ ყოველთვის ციხიდან ტყდება და როგორც აღმოჩნდა, ეკლესიის მტრებს საპატრიარქოშივე აღმოაჩნდათ თანამზრახველები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაცარივით გაიფანტება მთელი მათი ძალისხმევა და საბოლოოდ ქრისტეს ეკლესიას ერთ მისხალ ზიანსაც ვერ მიაყენებენ.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებას, სადაც ის მიანიშნებს, რომ ციხეშიც მომწვდება, ეჰ, ეპისკოპოსო იაკობ, ნუთუ ფიქრობ, რომ ჩემს შეშინებას შეძლებ? თქვენ უკვე გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ, აი გატეხვით კი ვერასდროს გამტეხთ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ღმერთის მწამს, თქვენგან განსხვავებით. იმიტომ, რომ მაცხოვარს ვგრძნობ მუდმივად ჩემ გვერდით, თქვენგან განსხვავებით, ამ ჩაბნელებულ და ჩარაზულ 4 კედელშიც კი უფრო მხნედ და თავისუფად ვგრძნობ თავს, ვიდრე თქვენ, თქვენს მდიდრულ მანქანასა და აპარტამენტში.

ჩემს ძმებს, სასულიერო პირებს მინდა მივმართო პეტრე მოციქულის სიტყვებით, ქრისტეს სისხლით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები, ჩემო ძმებო, ნუ ჩაეფლობით კონფორმიზმის მორევში. ნუ დახუჭავთ თვალს, როდესაც სიმართლეს ფეხქვეშ თელავენ უსამართლო ადამიანები, თუნდაც ისინი თქვენი მამამთავარნი იყვნენ. თქვენზე უკეთ განა ვის ესმის, რომ სიმართლეა ჩვენი თანამავალი საუკუნო სასუფევლის გზაზე.

მეუფე დიმიტრი, რომელიც ჩემი აღმზრდელი მამაა, იმედი მაქვს, მალე მომინახულებს, ბევრი მაქვს მისთვის სათქმელი.

და ბოლოს, საზოგადოებას მივმართავ, ნუ შედრკებით რწმენაში, ეს ყველაფერი კანონზომიერია, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მისია გვაკისრია, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც უსამართლოდ გაანადგურეს, ზვარაკადაც შესწირია ჩემი გული და სიცოცხლე ჩემს დედა ეკლესიას, სადაც დავიუნჯებ, იქ იქნება ჩემი გული“, – ამბობს დეკანოზი წერილში.