ვინ არიან როჰინჯა მუსლიმები და რატომ დევნიან მათ ბუდისტები?

ვინ არიან როჰინჯა მუსლიმები და რატომ დევნიან მათ ბუდისტები?როჰინჯა ეთნიკური ჯგუფია, მიანმარის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობა. ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, რაქჰაინის შტატში, რომელიც ბანგლადეშს ესაზღვრება, დაახლოებით მილიონი როჰინჯა ცხოვრობს. მათი უმრავლესობა მუსლიმია, მაშინ, როდესაც მიანმარის მოსახლეობის 90% ბუდისტია.

4 სექტემბერს, მიანმარის ხელისუფლებამ რაქჰაინის შტატში მცხოვრებ როჰინჯა მუსლიმებს გაეროს ჰუმანიტარული დახმარება დაუბლოკა და გადაწყვეტილება უსაფრთხოების აუცილებლობით ახსნა.

რა ხდება მიანმარში და ვინ არიან როჰინჯა მუსლიმები?

მიანმარი დიდწილად ბუდისტური ქვეყანაა. კონფლიქტი მუსლიმებსა და ბუდისტებს შორის დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ უახლეს ისტორიაში სათავეს იღებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან. რაქჰაინის შტატიდან ბრიტანელების გასვლის შემდეგ, როჰინჯებსა და არაკანელებს (ადგილობრივი ბუდისტური ეთნიკური ჯგუფი) შორის შეტაკებები დაიწყო. ორივე მხარე აცხადებს, რომ 1942 წელს ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
ომის შემდეგ, როჰინჯები მიანმარისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. 1962 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში სამხედროები მოვიდნენ და როჰინჯების დევნამ ოფიციალური სახე მიიღო. 1982 წელს სახელმწიფომ უარი თქვა როჰინჯების მოქალაქეებად აღიარებაზე და უცხოელებად გამოაცხადა.
2012 წელს ბუდისტებსა და როჰინჯა მუსლიმებს შორის რელიგიური  დაპირისპირების დროს 100 ათასი მუსლიმი უსახლკაროდ დარჩა, ათობით ათასი როჰინჯა დღემდე დროებით ბანაკებს აფარებს თავს, საიდანაც მათ გამოსვლას უკრძალავენ. ათობით ათასი როჰინჯა მუსლიმი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიანმარიდან გარბოდა, ახლა ბანგლადეშში, დოკუმენტების გარეშე ცხოვრობს.
უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ როჰინჯა მუსლიმები ძალადობის მსხვერპლნი არიან. რაქჰაინში მცხოვრები ბუდისტები საპირისპიროს ამტკიცებენ.

კონფლიქტი ხელახლა როდის გამწვავდა?

2016 წლიდან კონფლიქტში მიანმარის არმია ჩაერთო.

მას შემდეგ ქვეყნიდან 80 ათასზე მეტი მუსლიმი გაიქცა. გაერო აცხადებს, რომ დღეისთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, როჰინჯა დევნილების რაოდენობამ 420 ათასს მიაღწია.
სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ. ამ დღეს “როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” (არსა) დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი. ხელისუფლება მათ 14 მშვიდობიანი მცხოვრების მკვლელობაშიც ადანაშაულებს.
მიანმარის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისლამისტების დაჯგუფება საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული და მათგან ფინანსდება.

არსა ტერორიზმთან კავშირს უარყოფს.
ხელისუფლება ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო და აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებმა შეტაკებების დროს დაახლოებით 400-მდე მებრძოლი მოკლეს.

ყველა მათგანი როჰინჯა მუსლიმია.
პროვინცია რაქჰაინში ჟურნალისტების წვდომა ძალიან შეზღუდულია, ამიტომ კონკრეტული ციფრების დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია.
უფლებადამცველი ორგანიზაცია HRW თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არეულობამ სულ ცოტა 10 რაიონი მოიცვა, ხოლო ადგილიდან ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ბანგლადეშის საზღვრის მიმდებარე სოფლებს ცეცხლი უკიდია.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ხანძრები მებრძოლმა ისლამისტებმა გააჩინეს, რომლებიც მიზანმიმართულად წვავდნენ მუსლიმურ სოფლებს. ბანგლადეშში გაქცეული მუსლიმი-როჰინჯების თქმით კი, ხანძრები მიანმარელი სამხედროების ნახელავია, ხოლო გააფთრებული ბუდისტები მუსლიმების სახლებს ანადგურებენ.

არსა რა არის?

ეს არის “როჰინჯა არაკანის გადარჩენის არმია”, რომელსაც მეორენაირად “არკან ალ-იაკინის” ან “რწმენის მოძრაობას” უწოდებენ. არმია პირველად 2016 წელს გამოჩნდა, როდესაც მისმა მებრძოლებმა მსგავსი თავდასხმა მოაწყვეს საპატრულო საგუშაგოებზე და 9 პოლიციელი მოკლეს.
დაჯგუფება აცხადებს, რომ მისი მიზანია მიანმარის ხელისუფლების რეპრესიებისგან როჰინჯას დაცვა. ხელისუფლება მათ ტერორისტებად აღიარებს და ამტკიცებს, რომ არმიის ლიდერები უცხოეთის საწვრთნელ ბანაკებში ემზადებიან და მათი მიზანია როჰინჯას ხალხისთვის ისლამური დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.

რა ვითარებაა ბანგლადეშის საზღვართან?

25 აგვისტოს შემდეგ, ბანგლადეშში გაქცევის მსურველი როჰინჯების რიცხვი შეუქცევადად იზრდება და სექტემბრის დასაწყისში ადამიანთა უწყვეტ ნაკადად გადაიქცა.
გაეროს მონაცემებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 87 ათასი მუსლიმი როჰინჯა გაიქცა დამწვარი სოფლებიდან. ეს რიცხვი შარშანდელი წლის მთლიან მონაცემზე მეტია. დევნილების უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. მათგან ბევრი შეტაკებების დროს დაშავდა, აქვთ ტრავმები და ჭრილობები. ასევე ითქვა, რომ ადამიანებს, გაეროს მოწოდების მიუხედავად, საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ.

ამ დროისთვის საზღვარზე გასვლა ოფიციალურად ნებადართულია, მაგრამ 20 ათას მუსლიმს მდინარე ნაფის გადალახვის საშუალება მაინც არ აქვს (ორ ქვეყანას შორის საზღვარი ამ მდინარეზე გადის).

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ადამიანები მდინარის გადაცურვის მცდელობის დროს შეიძლება დაიხრჩონ. გასულ კვირაში მსგავსი მცდელობის დროს  20 ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო ამ მოვლენებზე როგორ რეაგირებს?

გაერო მუდმივად მოითხოვს მიანმარის კონფლიქტის დარეგულირებას, ხოლო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატში ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები ძალიან ჰგავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

2017 წელს გადაწყდა, რომ როჰინჯა მუსლიმების საკითხების შემსწავლელი კომისია შეიქმნებოდა. მიანმარი ქვეყანაში საერთაშორისო ინსპექტორებს არ უშვებს.
კომისიის შექმნა გაერომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უშიშროების საბჭომ უარი თქვა, მიეღო განცხადება, რომელშიც მიანმარში შექმნილ სიტუაცის დაგმობდა. ეს განცხადება დაბლოკეს ჩინეთმა და რუსეთმა. ფორბსის ცნობით, პეკინს არ აწყობს მიანმარში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დაგმობა, რადგან პრეცედენტი შეიძლება ჩინეთში არსებული დარღვევების განხილვისთვის გამოიყენონ.

რუსეთი მიანმარის ხელისუფლებას უჭერს მხარს? კადიროვი რას აპროტესტებს?

აგვისტოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი მხარს უჭერს მიანმარის მთავრობის სიტუაციის ნორმალიზებისკენ მიმართულ ძალისხმევას და რომ პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზებით შეიძლება მოგვარდეს.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 3 სექტემბერს ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ამბობს, რომ მიანმარში მუსლიმების გენოციდია და რომ რუსეთის პოზიციას არ ეთანხმება, თუ ეს უკანასკნელი “შაითანების” მხარესაა. მან თქვა, რომ მისთვის მისაღებია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის პოზიცია, რომელიც მიანმარის მოვლენებს გენოციდად აფასებს. ჩეჩნეთის ლიდერმა მუსლიმების დევნის წინააღმდეგ აქციებისკენ მოუწოდა.
მუსლიმების “დევნად” აფასებს მიანმარში არსებულ ვითარებას რუსეთის მთავარი მუფთი, რავილ გაინუტდინიც.
3 და 4 სექტემბერს მოსკოვსა და გროზნოში როჰინჯა მუსლიმების მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

მიანმარის ხელისუფლება როგორ რეაგირებს?

მიანმარის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები ტერორისტების წინააღმდეგ კანონიერ ოპერაციას ატარებენ. ის გაეროს ანგარიშს და შეფასებებს არ ეთანხმება და მუსლიმების დევნაზე ინფორმაციას გამოგონილს უწოდებს.
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის ასევე ცნობილი უფლებადამცველის, ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერის და ნობელის პრემიის ლაურეატის აუნ სან სუ ჩის კრიტიკა, მისი უმოქმედობის გამო. ის მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მრჩეველია.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ 2016 წელს, ხელისუფლებაში აუნ სან სუ ჩის პარტიის მოსვლის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. ამასთან, კონსტიტუციით, მას არ აქვს ქვეყნის სამხედრო ძალებზე პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი. სამხედროები მიანმარში განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობენ.
ახლახან, პრესასთან სიტუაციის შეფასებისას, აუნ სან სუ ჩიმ თქვა, რომ ბუდისტები შეშფოთებულები არიან იმით, რომ რაქჰაინის შტატის მოსახლეობაში მათი პროცენტული რაოდენობა შემცირებულია და დასძინა, რომ ორ თემს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ისურვებდა.

იმედინიუსი