ბერა ივანიშვილმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თავისი სტუდიის აპარატურის ჩუქების სურვილი გამოთქვა. ამას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე გამოეხმაურა. ინფორმაციას გამოცემა ipress-ი ავრცელებს.
ია ანთაძის თქმით, მიიღებს თუ არა მაუწყებელი საჩუქარს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკითხს იურისტები შეისწავლიან.
“საქმე ის არის, რომ საკმაოდ რთული თემაა ჩვენთვის. პროცედურულად ჯერ არ ვიცით როგორ შეიძლება გადაწყდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ არ დავრჩეთ განათების გარეშე. გადაცემები ეთერში შემდეგი კვირის ორშაბათიდან გადის. დღეს ვერაფერს გეტყვით. თავისი პროცედურები აქვს. საკითხია არის არა მხოლოდ ის გვაჩუქებენ თუ არა და ვიჩუქებთ თუ არა, არამედ ის, რომ საერთოდ არ დავრჩეთ განათების გარეშე. ჩვენმა იურისტებმა ჯერ საკითხი უნდა შეისწავლონ და მერე გავცემთ ამ კითხვებზე პასუხს. დიდი მადლობა ბერას ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ ამან შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ საერთოდ ვერ გავიდეს გადაცემები ეთერში განათების გარეშე. ცოტა დრო გვჭირდება იმისთვის, რომ მოვიფიქროთ, რას გავაკეთებთ. თქვენც ხომ ხედავთ, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად ცოტა დრო გვაქვს. ხვალ ალბათ წესით ცოტა მეტი უნდა ვიცოდეთ”, – განაცხადა ია ანთაძემ.
ბერა ივანიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირველი არხის მიერ GDS-ის კუთვნილი აპარატურის დაქირავების თემას გამოეხმაურა.
“ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა. ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე. მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა. და ბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს”- წერს ბერა ივანიშვილი.
იმედინიუსი

