”ლევან კობიაშვილი სანდრო ბრეგაძეს და გია კორკოტაშვილს დაემუქრა – გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა… ფეხბურთის ფედერაციის შენობას ლგბტ ფერებში შევღებავთ”

”ლევან კობიაშვილი სანდრო ბრეგაძეს და გია კორკოტაშვილს დაემუქრა - გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა... ფეხბურთის ფედერაციის შენობას ლგბტ ფერებში შევღებავთ”„ქართული მარშის“ წევრები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და თბილისის ახლადარჩეულ მერს კახა კალაძეს უპირისპირდებიან. მათი თქმით ფეხბურთელ გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურით გამოსვლის გაკრიტიკების გამო ლევან კობიაშვილი მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„ქართული მარშის“ წევრების თქმით, მათ ლიდერებს სანდრო ბრეგაძეს და გია კორკოტაშვილს ფეხბურთის ფედერაციაში გუშინ ქონდათ შეხვედრა, სადაც კობიაშვილის მხრიდან მუქარა გაჟღერდა.

ქართული მარში ფეხბურთის ფედერაციას ულტიმატუმს უყენებს, თუ ხვალ 20:00 საათზე დაგეგმილ აქციამდე ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, ისინი მისი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას და საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევას მოითხოვენ. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება:

– ლევან კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა. ჩვენ ამის აუდიოჩანაწერი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, ხვალ 20:00 საათამდე, მაშინ ჩვენ შესაბამის ზომებს მივმართავთ. ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება. ასევე მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება. ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

“ქართული მარშის” წევრების თქმით, რომ არა კახა კალაძის მხარდაჭერა, ლევან კობიაშვილი „ამდენს ვერ გაბედავდა“.

საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. ფეხბურთელის ამ ქმედებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა კაშია ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მისი „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა“ მოითხოვა. ამ მხრივ განსაკუთრებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური გამოირჩეოდა. გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ ტალღას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ სპორტულ საზოგადოებაში, კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, როგორც ვეტერანმა  ასევე მოქმედმა ფეხბურთელებმაც.

ნიუპოსტი