მეუფე დიმიტრი – ”ოხ, ეს ოხანაშვილი, მისი სიძეობა თავსატეხად მექცა. ის არის ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია”

მეუფე დიმიტრი - ”ოხ, ეს ოხანაშვილი, მისი სიძეობა თავსატეხად მექცა. ის არის ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია”ცოტა ხნის წინ მეუფე დიმიტრიმ მატროსოვის ციხე დატოვა. მან ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სოსო ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად ექცა.
– ოხ, ეს ოხანაშვილი, მისი სიძეობა თავსატეხად მექცა. ის არის ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია საუბარი მის უხეშობაზე ადამიანებთან ურთიერთობაში, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრის თქმით, ის “კურიერის” ეთერში სოსო ოხანაშვილის ჩვენების გასაჯაროების შემდეგ მის სიძეს ესაუბრა, თუმცა ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მასალების გასაჯაროებასთან საერთო არაფერი აქვს.
– მე მას ვესაუბრე სასამართლოზე მიცემული ჩვენების შესახებ. მან თქვა, რომ ვერ გავავრცელებდი, რადგან ვარ უცხოეთში და მოსთხოვეთ მათ,
ვინც სასამართლოდან გამოიტანა ჩემი ჩვენება. ის ამბობს, რომ მე სასამართლოზე კითხვა დამისვეს და პასუხი გავეცი და ეს გამოააშკარავეს. მართალი გითხრათ, მეც ცოტა გაკვირვებული ვარ, რა კავშირშია პატიმრების შეწყალების საკითხი, მჩხიბავობის საკითხი და ციანიდის საკითხი – ვერ ვაკავშირებ ვერაფრით, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მისივე ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი მოგზაურობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, “რუსეთშიც არის, უკრაინაშიც”.
– რომ გითხრათ, ძალიან მჭიდრო, ინტენსიური ურთიერთობა მაქვს, ასე არ არის. რამდენჯერმე ვესაუბრე და უფრო ეს იყო ჩემი მხრიდან, რომ მას გამოეჩინა უფრო მეტი გონიერება, რაზეც მეუბნება, რომ არაფერ კავშირში არ ვარ, არანაირი კავშირი არც ერთ ჟურნალისტთან არ მაქვსო, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.