მეუფე დიმიტრი – ციანიდის საქმე პატრიარქთან ჩემ დასაპირისპირებლადაა მოფიქრებული

მეუფე დიმიტრი - ციანიდის საქმე პატრიარქთან ჩემ დასაპირისპირებლადაა მოფიქრებული– ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ვინც ეს დაგეგმა, ძალიან ბოროტი ადამიანია.

ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მეუფე დიმიტრის აზრით, ციანიდის საქმე გარკვეულწილად პატრიარქთან მის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.
– მამა გიორგი არის ისევ თავის აზრზე, რომ ეს იყო შესრულება ჩემ წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ის, ვინც ეს დაგეგმა და ეს ყველაფერი შეთხზა, არის ძალიან ბოროტი ადამიანი, იმიტომ, რომ ამას ვერ მოიფიქრებდა ვერავინ – ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან ამბოხში თუ წინააღმდეგობაში ჩართულობა….

მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს გარკვეულწილად იყო ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ვთვლი რომ ეს იყო უშუალოდ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ და ვკითხე [მამა გიორგის] რატომ ხარ შენ ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირი? – მე ვრჩები ჩემს ძველ აზრზე, რომ ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებაზე, ტკბილზე და ა.შ. ის ისევ რჩება თავის აზრზე, რომ მას ეს მოუწყვეს და ეს მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ასახელებდა და აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა შეკვეთა, რომ ჩამოეტანა და გადაეცა მისთვის, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მეუფე დიმიტრის თქმით, მან არ იცის, ვის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ეს ყველაფერი, თუმცა „არ არის დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს“.

– მე ის ვიცი, რომ ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი გარკვეულწილად დაგეგმა, საერო თუ სასულიერო პირია ის, არის ძალიან ბოროტი ადამიანი, იმიტომ, რომ ამაზე დიდი სიბოროტე არ შეიძლებოდა მოეფიქრებინა, რომ მე, ჩემი საახლობლო წრე ყოფილიყო გარკვეულ დაპირისპირებაში ადამიანთან, ვის მიმართაც მე სიცოცხლით ვარ ვალდებული. მე ვსასოებ იმით, რომ სახარებაში არის ძალიან კარგი სიტყვები: „არ არის დაფარული რომელიც არა გაცხადდეს“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ინტერპრესნიუსი