3 წლამდე ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ნაცემია, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მინდობით აღზრდის ფარგლებში, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება 126 -ე მუხლით დაიწყო. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მცირეწლოვანი, რამდენიმე დღის წინ დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა მიიყვანეს.
ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, ბავშვს სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
– ისეთი დაზიანებები ჰქონდა ექიმმა იფიქრა, რომ ბავშვი მსგავს დაზიანებას დაცემით ვერ მიიღებდა. ჩვენ ამის შესახებ შევატყობინეთ სოციალურ სააგენტოს და სამართალდამცველებს, – განაცხადა ჭეჟიამ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური დაცვის სააგენტოს იურისტმა უტა მიქაძემ განუცხადა, ბავშვი მინდობით აღზრდის ფარგლებში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება. „არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, ის იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობაში, მიმღებ მშობლებთან“, – განაცხადა მიქაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და ის სავარაუდოდ, მამინაცვალმა სცემა.

