კაცი, რომელმაც ლოტკინზე ცოლთან შესარიგებლად თავის დაწვა სცადა, დაიღუპა

კაცი, რომელმაც ლოტკინზე ცოლთან შესარიგებლად თავის დაწვა სცადა, დაიღუპაახალგაზრდა კაცი, რომელმაც თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ცოლთან შერიგების მიზნით თვითმკვლელობა სცადა, დაიღუპა. ამის შესახებ “პირველს” დამწვრობის ცენტრში განუცხადეს.

შემთხვევა თბილისში 14 ნოემბერს, ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები “პირველთან” საუბარში ჰყვებიან, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ბენზინი ცოლთან შერიგების მიზნით გადაისხა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში შეყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

“პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.