ლეოგრანდში დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო ზაურ აბულაძეა

ლეოგრანდში დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო ზაურ აბულაძეასაქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო.

“დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.”- ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობთ, 2017 წლის 27 ნოემბერს, გლოვის დღედ გამოცხადების გამო გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

იმედინიუსი